ვარძია


galerea



aRwera

          საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალ კლდეში, ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი - ვარძიის სამონასტრო კომპლექსი. 
       ხალხური თქმულებით, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდება "ვარძია" შემდეგ ლეგენდას ემყარება. ერთხელ, როცა თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. გარკვეულ მომენტში ბიძამ ბავშვი თვალთახედვიდან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ასე გამოეხმაურა: "აქა ვარ ძია!". მეფე გიორგი III-ს ბრძანებით კომპლექსს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე დაერქვა. 
       1185 წელს ნაკურთხი ვარძია ჯვარ-ბოლნისის უძველეს სალოცავებზე ზეამაღლებული და მთავარი სულიერი ხატია ქართული სახელმწიფოსი. XIIIს. ცნობილი მეცნიერი იოანე ვანაკანის მიერ ვარძიის ხხატის მნიშვნელობა ქართულ ანბანთანაა გატოლებული.
       ვარძიის მშენებლობის პირველი ეტაპი გიორგი III მეფობის წლებს (1156-1184) ემთხვევა. იგი დაკავშირებულია მშენებლობის ზოგადი გეგმის ჩანაფიქრთან და დამუშავებასთან;  იმავდროულია პირველი კლდის სახლები ეკლესიითურთ წყაროსთან.
       მშენებლობის მეორე ეტაპი მოიცავს პერიოდს გიორგი III გარდაცვალებასა და თამარ მეფის გათხოვების თარიღებს შორის (1184-1185).
       არსებული გეგმა თამარ მეფის მითითებით ნაწილობრივ შეიცვალა. მონასტრის ცენტრში გამოიკვეთა ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ეკლესია, სტოა-პორტიკით. ცენტრის გადაკეთების საბაბი წყაროა - „წმიდა წყალი“, - კეთილმოწყობილი აუზი, რომელიც ტაძარს უკავშირდება.
       მშენებლობის მესამე ეტაპია - ხანა ტაძრის მოხატვიდან ბასიანის ბრძოლამდე ე.ი. 1185-1203 წლები. ტაძრიდან აღმოსავლეთით საღალატოს ხევამდე და დასავლეთით ანანურამდე მთავრდება საზოგადოებრივი და სამონაზვნო კლდის სახლების, ტაძართან დაკავშირებული თავდაცვითი სამალავის გამოკვეთა.
       მშენებლობის მეოთხე ეტაპი უკავშირდება 1283 წ. მიწისძვრის შედეგებს, რაც ამ მხარეში ბექა ჯაყელ-ციხისჯვარელის ათაბაგობის ხანას (1285-1306) ემთხვევა. მის დროს აიგო ორი მომცრო, მაგრამ მნიშვნელოვანი ობიექტი: ორთაღიანი ნაგებობა ტაძრის სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი სამრეკლო XIII ს. დამახასიათებელი ორნამენტით.
       მშენებლობის მეხუთე ეტაპია ახალი სატრაპეზოს შექმნა: „...ადიდე ორთავე შინა სუფევათა დიდისა ამის ტრაპეზისა აღმშენებელი პატრონი ივანე...“ ეს ის ივანე ათაბაგია, მესხეთს რომ განაგებდა 1391-1444 წლებში.
კომპლექსი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3-დან 13-მდეა. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანაურისაგან. 
       ვარძიის მონასტერი ცამეტ სართულადაა გამოკვეთილი სამფეროვანი კლდის შუა, - მოყავისფრო ფენაში, ხოლო ზედა, - მუქი რუხი ფენა თითქოს სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსოები სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კლდის ერთ ღერძზეა განლაგებული, რის გამოც მზისგან მაქსიმალური ბუნებრივი განათებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი. 
ვარძიის გამოქვაბულთა განლაგებას, სამეცნირო ლიტერატურაში, სამ მონაკვეთად ყოფენ: პირველი ცენტრალური ნაწილი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ტაძრის სამხრეთი კედლის ორთაღიან სტოას და სამრეკლოს შორის ერთმანეთთან მჭიდროდ მოწყობილი გამოქვაბულების შედარებით მცირე ჯგუფს. აქ, სამრეკლოს ქვეშ, საწნახელიანი გამოქვაბულია, ხოლო სამრეკლოს მეზობლად, ერთი სართულით დაბლა - სატრაპეზო. 
       მეორე მონაკვეთს წარმოადგენს ტაძრის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით მდებარე უფრო ადრინდელი ხანის (X-XII სს.) ე.წ. კლდის სოფელი - ანანაური, სადაც შემორჩენილია მეტად საინტერესო კლდის ორსართულიანი სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, X საუკუნის პატარა დარბაზული ეკლესია XVI საუკუნის კედლის მხატვრობით, სარწყავი არხის დიდი გვირაბი, 3,5 კმ სიგრძის ფრიალო კლდეში გამოკვეთილი გვირაბი წყალსადენისთვის და სხვა მნიშვნელოვანი სათავსები. 
       მესამე მონაკვეთს მოიცავს ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთით, 150 მეტრის სიგრძეზე განლაგებული გამოქვაბულები და დაბლა ჩასასვლელი დიდი გვირაბი, რომლებიც კარგადაა მოღწეული ჩვენამდე. აქვეა მოთავსებული ტაძარი სახიზნავითა და მისი გვირაბით, ე.წ. „თამარის ოთახი“, „სადარბაზო“, „სალხინო“ და „წამლის სასახლე“ (აფთიაქი), მრავალი მარანი და რამდენიმე კარგად შენახული საცხოვრებელი გამოქვაბული. 
          ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები - საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები - ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი ფაქტურით. ზოგ სამყოფელს აკრავს მცირე სამლოცველო (სულ თორმეტი). ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა.        ვარძიის მთელ კომპლექსში უკეთაა დაცული აღმოსავლეთის ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6X8მ ფართობის დარბაზი. ამავე ნაწილშია "სადარბაზო" საკრებულო - მცირე ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვა. ვარძიის მონასტრის დასავლეთ ნაწილშია სატრაპეზო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში საგანგებო თავშესაფარი - სამალავი ოთახები. გვირაბები მომარაგებული იყო წყლით. მთავარი ეკლესიის მახლობლად სიღრმეში ბუნებრივი წყაროა. ამასთან კლდეში გამოკვეთილ გვირაბში 3,5 კმ სიგრძის წყალსადენი ტრასაა.         ვარძია თავდაცვის მიზნითაც გამოიყენებოდა. აქ, აღმოსავლეთ ნაწილში ფარული გვირაბია, რომელიც მდინარისკენ ეშვება. 3,5 კმ სიგრძის წყლის გაყვანილობა გასაოცარ ინჟინრულ ნაგებობას წარმოადგენს. 
ვარძიის ხუროთმოძღვარი გატაცებულია ეპოქის ჰუმანისტური იდეებით. მისი შემოქმედებითი პროფესიონალიზმი განვითარებულია უდაბნო-მონასტრებისა და ქართული სახლის ხალხური არქიტექტურის გააზრებით.
       ქვაბ-უდაბნოსაგან განსხვავებით, სადაც „იმქვეყნიური“ ცხოვრების ასკეტური იდეალები თრგუნავს ადამიანს, ვარძია „ამქვეყნიური“ ცხოვრების ფერხულში ჩაბმული ადამიანის სახლ-საცხოვრისია.
       ხეობიდან ამოზრდილი, ცად აზიდულ კლდის ბუმბერაზ მასივში გამოკვეთილი ვარძიის ანსამბლი, ერთი შეხედვით, თითქოს ზღაპრულ შთაბეჭდილებას ქმნის. ეს პირობითობა - მოულოდნელობა და რომანტიკული შთაბეჭდილება ხუროთმოძღვრის შემოქმედებითი ჩანაფიქრია. არსებითად, ხუროთმოძღვარმა ვარძიის არქიტექტურაში „მიწიერისა“ და „ზეციერის“ იდეალების დაახლოება მოგვცა, რადგან ჩაკეტილი ცხოვრების საწინააღმდეგოდ, ფასადის ფართოდ გახსნილ თაღებს სამონასტრო ცხოვრება გარეთ გამოაქვს, ხალხთან აახლოებს.
       სინამდვილეში, ვარძიის მონასტერი სამშენებლო-არქიტექტურული თვალსაზრისით სრულიად მარტივი და მკაცრია. ანსამბლის გეგმარება ერთ საერთო რაციონალურ იდეას - ცენტრის, ე.ი. ტაძრის გარშემო მონაზონთა საერთო საცხოვრისების სართულებად შექმნას ემორჩილება. ეს პასუხობდა სამონასტრო ცხოვრების წესდებას - ტიპიკონს. მაგრამ ვარძიის არქიტექტურა უფრო მკვეთრად გამოხატავს მონასტრებში მომხდარ ეპოქალურ ძვრებს, ვიდრე თვით ტიპიკონი. ხუროთმოძღვარი ანსამბლის არსებული ცხოვრების ნორმების გათვალისწინებით ქმნის, - ეს მისი შემოქმედების რეალისტური საფუძველია.
       კვლევა-ძიებით გამოვლინდა ვარძიის მშენებლობაში აღორძინებული ახალი მოთხოვნილების შესაბამისად გამოყენებული, უდაბნო-მონასტრის იდეა, დამახასიათებელი V-VIII სს. კლასიკური ეპოქის სამონაზვნო მშენებლობისათვის, რომლის არქიტექტურა ქართული რენესანსის ხუროთმოძღვართა შემოქმედების შთამაგონებელი ძალაა.        ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი ძეგლია. ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის იგი დიდმნიშვნელოვანია ზუსტი თარიღის გამო. ვარძიის მონასტრის ტაძარი და სტოა მოიხატა 1185 წელს ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა და სახსრებით. მისი პორტრეტი წარწერით მოცემულია ტაძრის ჩრდილოეთის კედლის დასავლეთის ნიშაში.
ერისთავთ ერისთავმა რატი სურამელმა მოიწვია ნიჭიერი მხატვარი გიორგი ფერმწერთა ჯგუფით. გიორგის სახელი ფარულადაა ჩაწერილი საკურთხევლის კონქის მხატვრულ ორნამენტში, ღვთისმშობლის გამოსახულების ქვემოთ.
       ტაძრის კამარა ფართო ორნამენტული ზოლით ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. აქ მოთავსებულია ოთხი კომპოზიცია: „ხარება“, „შობა“, „ფერისცვალება“, „ლაზარეს აღდგინება“. კედლებზე მხატვრობა მოცემულია ორ რეგისტრად: სამხრეთზე სამი სცენაა - „იერუსალიმში შესვლა“, „ჯვარცმა“, „ჯოჯოხეთის წარტყვევნა“; ჩრდილოეთის კედელზე წარმოდგენილია ოთხი სცენა - „საიდუმლო სერობა“, „ფერხთა ბანა“ და კტიტორთა კომპოზიციები: რატი სურამელი, გიორგი III და თამარი; ხოლო დასავლეთისაზე - ხუთი სცენაა: „მირქმა“, „ნათლისღება“, „ამაღლება“, „სულიწმინდის მოფენა“ და „ღვთისმშობლი მიძინება“.
       გიორგი მხატვარმა მთავარი ყურადღება საკურთხევლის კონქის მოხატულობას დაუთმო. ცენტრში ღვთისმშობლის დიდი ფიგურაა ყრმითურთ. მის ორივე მხარეს დგანან მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი.  
       კონქის ქვემოთ საკურთხევლის ნახევარწრიულ კედელზე გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი ტრადიციული სამოსელით, ბერძნულ და ქართულ წარწერიანი გრაგნილებით ხელში.
       გიორგი მხატვარმა კომპოზიციები შეასრულა დიდი ხელოვნებით. მაგალითად, ამაღლების კომპოზიციაში ღვთისმშობლის და ანგელოზების ფიგურები გრაციოზული და ბუნებრივია. აქ მხატვარმა რეალისტურად გადმოსცა მწუხარების სცენა; ამასთან აღავსო იგი საზეიმო განწყობილებიოთ, სადაც იგრძნობა შინაგანი სიმშვიდე. წმინდანთა გამოსახულებანი, მათ შორის წმ. ნინო, განლაგებულია პილასტრებზე და მის თაღებზე. სამხრეთის ორ სარკმელში გამოსახულია ოთხი წმინდანის ნახევარფიგურა, ხოლო ორ სხვა სარკმელში - წმინდა მეომრებია. ამავე კედელზე, სარკმლებთან - ორი მესვეტეა. შემოსასვლელის ტიმპანში ქრისტე ხელთუქმნელის სახეა, მის ზემოთ თაღზე კი - წმ. მარიამ ეგვიპტელი და წმ. ზოსიმე.
       გიორგი მხატვარმა კტიტორთა გამოსახულებებისთვის საგანგებოდ გამოჰყო საპატიო ადგილი - ჩრდილოეთის კედლის ორი დიდი თაღოვანი ნიშა, სამხრეთ შესასვლელის პირისპირ. მან გაითვალისწინა ტაძრის საერთო განათება - სარკმლებიდან შემოჭრილი სინათლე ყველაზე კარგად პორტრეტებით მოხატულ ჩრდილოეთის კედელს ანათებს.
       სტოას ჩრდილო კედლის მთელი ფართობი და დასავლეთ კედლის ნაწილი უკავია „დღე განკითხვის“ მონუმენტურ კომპოზიციას. კამარის ცენტრში მოცემულია „ჯვრის ამაღლება“ ოთხი ანგელოზით, სიმბოლურად იგი ცვლის „ქრისტეს ამაღლებას“, რომლის სახელი იქვეა მიწერილი. კამარისა და კედლის დასავლეთ ნაწილზე განლაგებულია წმ. სტეფანეს ცხოვრების სამი სცენა.
       კვლევით დადგენილია, რომ ვარძიის ფრესკაზე თამარი წარმოდგენილია ქალიშვილობის წლებში - გათხოვებამდე, ე.ი. 1185 წლამდე, გიორგი მეფე კი დახატულია მისი გარდაცვალების (1184 წ.) შემდეგ. ამის მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ ამ მოხატულობის შესრულების ფარგლებში - 1184-1185 წლები. 
       მონასტერში დაცული იყო ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ბასიანის ბრძოლის წინ მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ ომში ქართველებმა გაიმარჯვეს. 1551 წელს ვარძიის მონასტერი დაარბიეს სპარსელებმა შაჰ-თამაზის ბრძანებით. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები, კულტურის სხვა მრავალ განძთან ერთად მტერმა გაიტაცა. სპარსი ისტორიკოსი ჰასან რუმლუ, რომელიც თვითონ იყო ამ ლაშქრობის მონაწილე და საკუთარი თვალით იხილა ვარძია, განცვიფრებული მოგვითხრობს მისი სიდიადისა და სიმდიდრის შესახებ. 
       1578 წელს სამცხე თურქეთმა დაიპყრო, თავისი მმართველობა დაამყარა და მართლმადიდებლური ეკლესიები მეტად შეავიწროვა. თურქების მიერ სამცხეში 1595 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ვარძია დაუსახლებელია. ვარძიაში მონასტრის გაუქმებამ, შემდგომ მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, განადგურება გამოიწვია. რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ, მესხეთის ნაწილი ვარძიითურთ, კვლავ საქართველოს შემოუერთდა, მაგრამ ვარძია ისევ უყურადღებოდ რჩებოდა. 
1954 წელს ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდუპოლომ დაიწყო ტაძრის გაწმენდა, ტაძარში მისასვლელი გზა შეაკეთა, ხის უბრალო კანკელი გააკეთა და ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს, დაუდგინეს მოძღვარი ორი მორჩილით. 
       საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასატრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი - მუზეუმი დაარსდა. 
1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ   გაისმის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“.

ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის