კახელების ეკლესია


galerea



aRwera

ე.წ. “კახელების ეკლესია” მდებარეობს უჯარმის ციხე-დარბაზის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 0,5 კმ-ზე; თბილისი-თელავის საავტომობილო გზის მარცხენა მხარეს, ტყიანი მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ეკლესია საკმაოდ მიუვალ ადგილასაა და ტყეშია ჩაკარგული.  ეკლესია არქტიტექტორულად დარბაზული ტიპისაა(6,25X4,65 მ). ნახევარწრიული აფსიდით. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვრის სწორკუთხა გეგმის (გარეთა ზომები: სიგრძე 3,8 მ. სიგანე – 3.19 მ.) ნაგებობა, რომელსაც ეკლესია აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში გაჭრილი გასასვლელით უკავშირდება. ეკლესიისა და ნაგებობის კედლები ერთმანეთს წყობით და სამშენებლო მასალით არ ჰგავს, ამიტომ არსებული მდგომარეობით ძნელად სავარაუდოა, რომ იგი ეკლესიის თანადროული იყოს, მინაშენში გამოყენებულია აგურის ფრაგმენტებიც, რომელიც მთავარ ეკლესიაში არსად გვხვდება, ამიტომ შესაძლებელია, რომ იგი შემდგომ არის მიშენებული. ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და კირის დუღაბით. წყობაში, ალაგ-ალაგ. ჩატანებულია საკმაოდ მოზრდილი ქვები, წყობა ირეგულარულია. ამ მოზრდილი ქვების გამოყენება ბადებს ეჭვს, რომ ეკლესია საკმაოდ ძველია და შესაძლოა უჯარმის ციხე-ქალაქობის ტოლიც იყოს, ან ეს მასალა არსებული დაზიანებული სხვა ნაგებობიდან, ან მანამდე არსებული ეკლესიის შეიძლება ყოფილიყო. საერთო ჯამში ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩამონგრეულია გადახურვა, დანგრეულია აფსიდის და გრძივი კედლების ზედა ნაწილები, მონგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთის ბოლო. დასავლეთის კედელი შვეული მდგომარეობიდან დაძრულია და დასავლეთითაა გადახრილი, სამწუხაროდ დასავლეთის კედელი, გამაგრების გარეშე დიდხანს ვეღარ გაძლებს და გადაიქცევა დასავლეთით. ინტერიერი ამოვსებულია ჩამოშლილი ქვებითა და მიწით. მინაშენისგან მხოლოდ სამხრეთ კედელიღა დგას (სიმაღლე – 1,2 მ.) დანარჩენი კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი კი თითქმის მიწის პირამდეა დანგრეული. ეკლესიის დარბაზი გეგმით თითქმის კვადრატულია. (სიგრძე – 2,9 მ. სიგანე – 3,1 მ.) აფსიდის ღერძზე სარკმელ ჭრილია, რომელსაც ზედა ნაწილი ჩამოშლილი აქვს. აფსიდის სამხრეთ გვერდში მცირე ზომის კვადრატული ნიშაა, მის ზემოთ კი – ოთხკუთხა, სათოფურის მსგავსი ღიობი. მინაშენში გასასვლელი ვიწროა (სიგრძე – 1.50 მ, სიგანე– 0.55 მ.) გადახურვა მას ჩამოშლილი აქვს. მინაშენი, როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა. იგი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოზეა მიდგმული ისე, რომ მისი დიდი ნაწილი ეკლესიის აღმოსავლეთის კედლის ხაზს გარეთაა გასული, რაც საკმაოდ უცნაურია ქართულ საეკლესიო არქიტექტურაში. მინაშენის სამხრეთ კედელზე მოხატულობის ფრაგმენტია შემორჩენილი. საინტერესოა, რომ მინაშენის გარდა სხვა კედლებზე ნალესობაც კი არ შეიმჩნევა, შესაბამისად ძნელი სათქმელია მხოლოდ მინაშენი იყო მოხატული თუ მთლიანად ეკლესიაც. საინტერესოა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაც, სადაც დაახლოებით 200 მეტრის რადიუსში ნასახლარების კვალი შეიმჩნევა.