აწყურის ღვთისმშობლის ეკლესია


galerea



aRwera

      აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობდა სამცხე-ჯავახეთის ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფ. აწყურის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ დღეისათვის  შემორჩენილია  გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები (გაირჩევა ორი ფენა - X-XI და XIII-XIV სს.). ფართობით იგი ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში. გუმბათი და ყველა კამარა ჩამოქცეულია, დანგრეულია კედლის ზედა ნაწილებიც. საკურთხეველსა და მის ორსავე მხარეზე მდებარე სათავსებს (ე. წ. სადიაკვნესა და სამკვეთლოს) აღმოსავლეთით გამოშვერილი წახნაგოვანი კედლები ჰქონდა. შიგნით გადარჩენილია მორთულობის ფრაგმენტები - კედლის სვეტები ბურთულებიანი თავსამკაულებით; საკურთხევლის კედლის გარეპირის მორთულობა და სხვა, მოწმობს, რომ შენობის ეს ნაწილი XIII საუკუნეზე უფრო ადრინდელია. აწყურის ტაძარი ბევრჯერ დაზიანებულა მიწისძვრებით და კვლავ აღუდგენიათ. როგორც ჩანს, ძეგლი ოსმალთა ბატონობის ბოლო წლებში საბოლოოდ დანგრეულა. 
       ტაძრის სიწმინდეს წარმოადგენდა აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომელმაც  საუკუნეების განმავლობაში მრავალი სასწაული აღასრულა. მისი შექმნაც უდიდეს სასწაულს უკავშირდება: ღვთისმშობელი უფლის სიტყვის საქადაგებლად თავის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში, გამომგზავრებას აპირებდა, როცა ქრისტე გამოეცხადა. მაცხოვარმა აუწყა, რომ მისი მიძინების (მიცვალების) დღე მოახლოებული იყო. ამიტომ საქართველოში ანდრია მოციქული უნდა გაეგზავნა. მას თან უნდა წაებრძანებინა ხატი, რომელიც ღვთისმშობლის სახეზე დადებით გამოისახებოდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა სახეზე მიიდო ფიცარი, რომელზეც სასწაულებრივად გამოისახა მისი სახე ჩვილი იესოთი. უფალმა ამ ხატზე საქართველოში მცხოვრები თითოეული მართლმადიდებლის სანუგეშოდ ასეთი სიტყვები ბრძანა – "ეს ხატი სრულექმნას მათ უკუნისამდე!".
       ანდრია პირველწოდებული სწორედ ამ ხელთუქმნელი ხატით შემობრძანდა საქართველოში, კერძოდ, აჭარის სოფელ დიდაჭარაში. იმ ადგილას, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, ანკარა წყარო გადმოდინდა, რომელიც დღესაც მოედინება. ქრისტეს მოციქულმა ქართველი ერი მონათლა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. მღვდლები და დიაკვნები დაუდგინა და ღვთისმშობლის სახელზე ეკლესია ააგო. ხალხი ანდრია მოციქულს დარჩენას ევედრებოდა. ბოლოს სთხოვეს, მათთვის იმედად და მცველად ღვთისმშობლის ხატი მაინც დაეტოვებინა. მაშინ ანდრიამ აიღო ფიცარი, მიადო ხელთუქმნელ ხატს და დედა ღვთისას სახე ფიცარზე სასწაულებრივად გამოისახა. 
       შემდეგ ანდრია მოციქულმა ფერსათის მთა გადაიარა, მთაზე ჯვარი აღმართა, რის გამოც ამ მთას "რკინის ჯვარი" ეწოდა. გაიარა ოძრახის ხევი, მივიდა სამცხის საზღვართან და ერთ სოფელში შეჩერდა, რომელსაც ზადენ–გორა ერქვა. იმ ადგილას წარმართული კერპები იყო აღმართული. წმინდა ანდრიამ ილოცა ღვთისმშობლის ხატთან და კერპები დაემხო. ამის შემდეგ ბორჯომის ხეობაში გადავიდა, სოფელ აწყურში, რომელსაც მაშინ სოსანგეთი ერქვა. იმ მხარეს ერთი ქვრივი დედაკაცი, სახელად სამძივარი, განაგებდა. 
       ქვრივს ერთადერთი ძე გარდაცვლოდა. ღამით სოფელში ციხიდან გამომავალი ღვთისმშობლის ხატის ნათელი იხილეს. გამთენიისას სამძივარმა ამბის გასაგებად ხალხი გაგზავნა. ქვრივს აუწყეს, რომ ციხეში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული კაცები მათთვის უცნობ ღმერთს ქადაგებდნენ, რომელსაც ქვეყნის შემოქმედსა და დამბადებელს უწოდებდნენ. იგი იყო კაცთათვის სიცოცხლის მიმნიჭებელი და მკვდართა აღმდგენელი. ასევე მოახსენეს, რომ მათ თან ჰქონდათ მშვენიერი ხატი, რომელსაც თაყვანს სცემდნენ. ქვრივმა ყური რომ მოჰკრა ამბავს მკვდართა აღდგომის შესახებ, ნუგეში მიეცა. მოუხმო ანდრია მოციქულს და ვინაობა გამოჰკითხა. ქრისტეს მოციქულმა უპასუხა: "მოვედი ქალაქ იერუსალიმიდან, სადაც უფალს ფეხი დაუდგამს. ვარ მოციქული ჭეშმარიტი ღმერთისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ვინც მას ირწმუნებს და მოინათლება, ყოველივე, რასაც ითხოვს რწმენით, მიეცემა და ყოველივე სენისაგან განიკურნება". ეს რომ დედაკაცმა გაიგო, ცრემლით შეევედრა მოციქულს, ელოცა ქრისტეს მიმართ და მკვდრეთით აღედგინა მისი ერთადერთი ძე. ქვრივმა აღუთქვა, თუ სასწაული მოხდებოდა, ქრისტეს ღვთაებრიობას ირწმუნებდა. მაშინ წმინდა ანდრიამ აიღო ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, დაასვენა საწოლზე, სადაც მიცვალებული ესვენა და უფალს ხელაპყრობით შეევედრა. ლოცვის დამთავრების შემდეგ ყრმას ხელი მოჰკიდა და წამოაყენა. ქვრივმა გაცოცხლებული ვაჟი რომ იხილა, მოციქულს ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლით თაყვანის სცა. იწამა უფალი იესო ქრისტე და თავის სახლეულთან ერთად მოინათლა. ამ სასწაულის მხილველი უამრავი ადამიანი გაქრისტიანდა. 
       წარმართებმა და ახალმოქცეულმა ქრისტიანებმა გადაწყვიტეს, წარმართულ ტაძარში, სადაც არტემიდასა და აპოლონის ქანდაკება იდგა, ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ და ელოცათ – ქრისტიანებს ქრისტეს მიმართ, წარმართებს – თავიანთი ღმერთების მიმართ. ვისი ღმერთიც გაიმარჯვებდა, თაყვანი მისთვის ეცათ. დაკეტილ კართან მცველები დააყენეს, დილით კერპები დამსხვრეული დახვდათ, ღვთისმშობლის ხატი კი მზესავით ბრწყინავდა. დარცხვენილმა წარმართებმა შენდობა სთხოვეს ანდრია მოციქულს და ჭეშმარიტი ღმერთი ადიდეს. 
წმინდა ანდრიამ აწყურშიც ააგო ტაძარი, რომელშიც ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დააბრძანა. ხატი აწყურის ღვთისმშობლის სახელით ამიტომაცაა ცნობილი. წმინდა ანდრიამ აწყურში პირველი საეპისკოპოსო ეკლესია დააარსა. შემდეგში იქ ვახტანგ გორგასალმა ააშენა საეპისკოპოსო ტაძარი. მე–9–10 საუკუნეებში კი ძველი ეკლესიის ადგილზე საკმაოდ დიდი ტაძარი აშენდა. იქ მუდამ იჯდა  მღვდელთმთავარი.

 

ინფორმაცია მოამზადა  ლელა მარგიანმა

ფოტოები  -  ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის