კუმურდო


galerea



aRwera

       კუმურდო, ესაა ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის  სოფ. კუმურდოში.
ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონის დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ   IV-ის მეფობაში ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში.
    კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედან ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად.
       მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულობაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარების და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.         ტაძარი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავია იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინას მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა.
       ამჟამად კუმურდოს ტაძარში ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე. ტაძარი საჭიროებს სასწრაფო ყურადღებას. ზოგიერთი უგუნური ადამიანი რომელიც ცდილობს შექმნას კონფლიქტი ქართველებსა და სომხებს შორის და ამ დიდებულ ქართულ ტაძარს სომხურად იხსენიებს, ამავდროულად აგრესიულად განაწყობს ქართველებისადმი ადგილობრივ მოძმე სომხურ მოსახლეობას.

ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის