ტბეთი


galerea



aRwera

ტბეთის საეპისკოპოსო ტაძარი მდებარეობს ისტორიულ შავშეთში, სოფელ ჯევიზლიში. 
       ტბეთის ღვთისმშობლის ეკლესია აგებულია X საუკუნის დასაწყისში აშოტ კუხის მიერ. თავდაპირველი ნაგებობა რვამკლავიანი შენობა იყო დიდი გუმბათით. X საუკუნის ბოლოს მის ნაცვლად ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა აღიმართა. 
     ტაძრის უძველესი მოხატულობა XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ნაგებობა არაერთხელ გადაკეთდა. ტბეთი XV-XVI საუკუნეებში ხელმეორედ მოიხატა და იკურთხა წმინდა გიორგის სახელზე. ცნობილია, რომ ტბეთში საეპისკოპოსო ტაძარი XVII საუკუნემდე არსებობდა, ხოლო 1880-იან წლებამდე ტაძარში მეჩეთი იყო გამართული. 
        ტბეთი წარმოადგენდა უდიდეს ლიტერატურულ კერას, აქ მოღვაწეობდა სტეფანე მტბევარი, ტბეთის პირველი ეპისკოპოსი, ავტორი თხზულებისა ’’წმინდა გობრონის წამება’’. აქ ასევე მოღვაწეობდნენ ცნობილი მწიგნობრები იოანე მტბევარი, დავით ტბელი. ტბეთის მონასტრის XII-XIII საუკუნეების მოღვაწეა აბუსერისძე ტბელი, რომლის შრომებში, გარდა ლიტერატურულისა, მნიშვნელოვანი სამეცნიერო თხზულებებიცაა. 
     ტბეთთან დაკავშირებულია ცნობილი ისტორიული მოვლენა _ XI საუკუნეში ბიზანტიის აგრესიისაგან შავშეთის დასაცავად ეპისკოპოსმა საბა მტბევარმა აქ ააგო ციხე-სიმაგრე. მის მიერ ორგანიზებულმა თავდაცვამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ პერიოდის საქართველოს ისტორიაში.  
     ტაძარი 1961 წელს ააფეთქეს. გადარჩა მთავარი ტაძრის კედლების ფრაგმენტები, რომლებიც დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. 

 

ინფორმაცია მოამზადა ლევან წიქარიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის