მრავალძალი


galerea



aRwera

        მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მრავალძალის მახლობლად ქალაქ ონიდან 33.9 კილომეტრში ხოლო ამბროლაურიდან 24,5 კილომეტრში. ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ის ჯვარ - გუმბათოვან სტილს განეკუთნება (ზომები 11 მეტრი - 6,5 მეტრზე).  ტაძარი ნაგებია თლილი ქვისა და კირის გამოყენებით. მისი აღმოსავლეთი ნაწილი (საკურთხეველი საკუთრივ) ძველია, ხოლო  დანარჩენი ნაწილი კი ახალი. ძველად აქ ყოფილა ასევე თლილი ქვისგან  ნაგები მე-11 საუკუნის ერთნავიანი ეკლესია. რომელიც 1894 წელს ნაწილობრივ (დასავლეთი მხარე) დაუნგრევიათ და გადაუკეთებიათ ახალ დიდ შენობად. ეკლესიის ძველ ნაწილს (აღმოსავლეთ) გარედან კედელზე აქვს რელიეფური გამოსახულებები, ქვაზე სარკმელთან - ორი მდგომარე პირისა და სარკმლის მაღლა ჯვარცმისა, გარედანვე ეკლესიას აქვს სამი წარწერა ქვაზე, რომელთაგან ორი თავის პირვანდელ ადგილას არის - საკურთხევლის ნაწილზე, ხოლო მესამე ახლად აშენებული ნაწილის სტოას სამხრეთ სარკმელზე. უკანასკნელი გამოტანილ უნდა იყოს ძველი ეკლესიის სარკმლიდანვე. ეს წარწერებია:

  1. აღმოსავლეთის კედელზე ჯვარცმის გამოსახულების თავზე, ასომთავრულად, :ქრისტე შეიწყალე მკვეთნი
  2. ამავე კედელზე სარკმლის თავზე, ნუსხურად: ქ. წმინდაო გიორგი შეიწყალე კეთილად მოღვაწენი ამას ეკლესიისანი.
  3. სტოას სამხრეთის სარკმელის თავზე ასომთავრულად: წმინდაო გიორგი, მეოხ ეყავ სულსა იოვანესა.

 

1925 წლის მონაცემებით შიგნიდან ეკლესიის ძველ ნაწილს - საკურთხეველსშერჩენილი ჰქონდა მხატვრობის კვალი: კონქში ჩანდა მაცხოვარი ტახტზე მჯდომი, რომელსაც მარცხენა მუხლზე ედო გაშლილი წიგნი დაწერილი ასომთავრულად; მაცხოვრის მარჯვნივ გამოსახულია ღვთისმშობელი და მის უკან ერთ-ერთი წმინდანის გამოსახულება რომელიც იმ დროისთვის თითქმის წაშლილი იყო, ასევე მაცხოვრის მარცხნივ არსებული მხატვრობაც თითქმის მთლიანად განადგურებული ყოფილა; თვით მაცხოვრის, ღვთისმშობელის და უცნობი წმინდანის გამოსახულებებიც ფრიად დაზიანებული ყოფილა. აქვე საკურთხევლის თაღზეც ყოფილა მხატვრობის კვალი. ეკლესიის აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლების წარწერები და ქანდაკებები ეკუთვნის მე-11 საუკუნეს.

ტაძარში ინახებოდა უამრავი მნიშვნელოვანი რელიკვია მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ- აბასის ხმალი.

1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის