ტაბარუკის ეკლესია


galerea



aRwera

ტაბარუკის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია თბილისის მიდამოების ერთ-ერთი საყურადღებო ძეგლთაგანია.

სოფ. ლისის გავლით, წოდორეთის შესასვლელთან, გზა მარჯვნივ უხვევს. ხოლო პატარა უღელტეხილის ჩავლის შემდეგ, ხევს გაღმა, ტყე-ტყე დიღმის ხეობის სათავეებში გაუყვება. ირგვლივ ფოთლოვანი ტყით დაფარული მაღალი მთებია და განსაკუთრებული სიმყუდროვე. გზა ღრმა ხევში შედის ნასოფლარ ტაბარუკთან. (ტაბარუკი ძვ. ქართულში ნიშნავს - გლეხი ახალმოსული, ღარიბი და სხვა.) მის მოპირდაპირე მხარეს, ხევის მარჯვნივ, შემაღლებული გაშლილი ადგილის მცირეოდენ დაფერდებაზე, ხშირ ფოთლოვან ხეებს დაუბურავს ტაბარუკის ღვთისმშობელი.

ნაგებობა საკმაოდ დაზიანებულია, მაგრამ მაინც შემორჩენილია მთელი სიმაღლით და თავდაპირველი სახით -  ყოველგვარი გადაკეთების გარეშე. კედლები ამოყვანილია ორმხრივი შირიმის პერანგით, რომელთა შორის ჩასხმულია ქვაგარეული დუღაბი.

ტაბარუკის ღვთისმშობლის ეკლესია მკვეთრად ატარებს გარდამავალი ხანის ძეგლების დამახასიათებელ ნიშნებს: პირველ რიგში - შერეული სამშენებლო მასალის გამოყენება; კონსტრუქციული ნაწილების დამუშავებული ქვით ამოყვანა; ამის გარდა პერანგის ირეგალური წყობა, რომელიც თავისთავად მხატვრულ დონეზეა წარმოდგენილი. საკურთხევლის სარკმლის გაჭრა კონქის საზღვარში.

ტაბარუკის ღვთისმშობლის უშუალო პარალელს წარმოადგენს მაჩხანის წმ. გიორგი, რომელიც ტერიტორიულად იმავე ხეობაში მდებარეობს. ორივე დარბაზული ტიპისაა, ორივე ნაგებია ერთნაირი სამშენებლო მასალით და კედლის წყობით. ხოლო რელიეფებზე ერთნაირი მოტივი - ხელის გაშლილი მტევანია გამოსახული. (ხელისუფლების სიძლიერისა და აღმშენებლის ძალის აღმნიშვნელი).

ტაბარუკის ღვთისმშობლის ეკლესია, როგორც მაჩხანის წმ. გიორგი, შეიძლება გარდამავალ ხანას, კერძოდ  IXს. II ნახევარს მივაკუთვნოთ.

 

ინფორმაცია მოამზადა ლელა მარგიანმა

ფოტოები - ვასილ ჭიჭაღუასი