ქოლაგირი


galerea



aRwera

ქოლაგირის ქვაბოვანი კომპლექსი მდეობარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდინარე იორის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებულ ქედზე. ამჟამად ქოლაგირთან ყველაზე ახლო დასახლება იორმუღანლოა. რა ერქვა მონასტერს თავიდან, უცნობია. ერთგვარი გაურკვევლობაა მის ამჟამინდელ სახელთან დაკავშირებითაც. ანალოგიური ტოპონიმით ქვემო ქართლში არსებობს ციხე გალავანი. მეცნიერთა ნაწილის მოსაზრებით, იგი აზერბაიჯანული ენიდან უნდა მოდიოდეს, სადაც კოლ - ეკალს, ხოლო გირ - შესვლას ნიშნავს. თუ გავითვალისწინებთ მონასტრის დაბლა, ივრის ჭალების ეკალნარსა და ძნელად გასავლელი მცენარეული საფარის არსებობას, მაშინ, შესაძლოა, სახელწოდება ქოლაგირი, მონასტრის ძნელად მისადგომობის აღმნიშვნელიც იყოს.

ქვაბები შედარებით ვრცელი უნდა ყოფილიყო. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ 7 ქვაბი, ამათგან მხოლოდ 4 ია ადვილად მისადგომი. მათგან მხოლოდ სამშია მხატვრობა. სამწუხაროა, რომ ამ ქვაბების მხოლოდ უკანა კედლებია შემორჩენილი, წინა მხარე კი, დაახლოებით 4-5 მეტრის სიგრძეზე ჩამოშლილია. ძალზედ საინტერესოა ის ფაქტი, თუ რატომ გამოკვეთეს ეს ქვაბები ასეთ რბილ ქანებში, ან რა ტექნიკას და საშუალებებს იყენებდნენ ქანების გასამაგრებლად. თუმცაღა შერჩეული გარემო ძალზედ სტრატეგიულია და ხელსაყრელია საცხოვრებლად, უდაბნოს კვალობაზე საკმაოდ ახლოს არის მდინარე იორი და მისი ჭალები, გარდა მაგისა შემოსევების დროს, როგორც ცნობილია მტერი უმეტეს შემთხვევაში, მდინარის ხეობებს მოუყვებოდა, სწორედ ეს წარმოადგენს ქოლაგირის ქვაბების სტრატეგიულ მხარეს, აქედან კარგად კონტროლდებოდა იორის ხეობა. გარდა მაგისა ქოლაგირიდან კარგად ჩანს უფრო დიდი სამონასტრო კომპლექსის დიდი ქვაბების კლდეები, რომელიც იორის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. საერთო ჯამში გარეჯის მონასტრები გარდა ბერული და საეკლესიო ცხოვრებისა წარმოადგენდნენ მაშინდელ მესაზღვრეებს.

ქვაბების თავში კლდეში გამოკვეთილი დარბაზული ეკლესიაა, ეკლესიის მხატვრობა XII-XIII საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. ეკლესიის ჩრდილოეთით არსებულ მცირე სამლოცველოში საერო პირების გამოსახულებებია. ხოლო ამ ეგვტერის ჭერზე ქრისტეს ამაღლების სცენაა გამოსახული. სამწუხაროდ ამ სცენიდან მხოლოდ ორი ანგელოზია შემორჩენილი, თავად ქრისტეს გამოსახულება კი ჩამონგრეულია. გარდა ქოლაგირის მხატვრობა იმეორებს გარეჯის მხატვრობის სტილს და ძალზეც წააგავს, იქვე ახლოს მდებარე საბერეების მხატვრობას. საკმაოდ საინტერესოა ქოლაგირის სატრაპეზოს მხატვრობაც, რომელიც საკმაოდ მაღალ პროფესიონალურ დონეზეა შესრულებული. სავარაუდოდ მხატვრობა დაუმთავრებელია.

XX-საუკუნის 90-იან წლებში მოხდა, ქოლაგირის ფრესკების კონსერვაცია, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა მცირე არქეოლოგიური გათხრებიც. დღევანდელი მდგომარეობა ისევ მძიმედ რჩება. რბილი ქანები კვლავ განაგრძობს შლას და უნიკალური მხატვრობის დაზიანებას. რაც შეეხება დაზიანებას, აღნიშნულ მხატვრობას ბუნების გარდა ადამიანებიც არანაკლებად აზიანებენ. ფრესკებზე უამრავი სახელი, თუ მინაწერია ამოკაწრული, აგრეთვე შეგნებულად არის დაზიანებული წმინდანების თუ საერო პირების სახეებიც... ყოვლად სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მსგავსი დაზიანებები არ მთავრდება და რამდენიმე წლიანი მონიტორინგიდან გამომდინარე ჩნდება ახალი „გმირების“ სახელები გვარები და მათი იქ ყოფნის თარიღები...

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის