აკურას მამა დავითი


galerea



aRwera

აკურას წმინდა მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფლიდან სამხრეთ დასავლეთით 1.5 კილომეტრზე, ტყეში, მდინარე ვანთის ხევის მარჯვენა ნაპირზე. ტაძარი აგებულია 855 წელს და მისი დაარსება აკადემიკოს გ.ჩუბინიშვილის კვლევებზე დაყრდნობით შეგვიძლია დიდ ქართველ საეკლესიო მოღვაწეს წმინდა ილარიონ ქართველს დავუკავშიროთ რომელმაც, გადმოცემის თანახმად, პალესტინიდან დაბრუნების შემდეგ ამ ადგილას დაარსა დედათა მონასტერი. ასევე მნიშვნელოვან ეპოქას მონასტრის ცხოვრებაში წარმოადგენს მე-16 საუკუნის მეორე ნახევარი როდესაც კახეთის მეფემ ალექსანდრე მეორემ თავისი უფროსი და ქეთევანი ჩაასახლა აკურის მონასტერში, რამაც მონასტრის პრესტიჟის ამაღლებას და  მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა ტაძრის მასშტაბური აღდგენითი და სარემონტო სამუშაოები კერძოდ აიგო საკურთხევლის ზღუდე და კარიბჭე (სამხრეთის შესასვლელის წინ), ჩრდილოეთის ფასადზე მიშენებულ იქნა სამი მძლავრი კორტრფორსი, დავიწროვდა შესასვლელის ღიობები, ჩაშენდა სამხრეთის სარკმლები და სხვა.

აკურის წმინდა მამა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია სწორკუთხა გეგმარების მქონე  სამნავიან ბაზილიკაა. მას ორი შესასვლელი აქვს სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან. ამავე მხარეებიდან ეკლესიას ეკვროდა თითო მინაშენი. დასავლეთის მინაშენის ჩრდილოეთი ნაწილი მე-16 საუკუმის მეორე ნახევარში სათავსად გადაუკეთებიათ.  ეკლესია ნაგებია რიყის ქვით და საკმაოდ დიდი ზომის აგურით. აგურს რომელიც ძირითადად დეკორატიული ნაწილებისთვის არის გამოყენებული, ზოგ შემთხვევაში შირიმის ქვის კვადრები ენაცვლება. თითქმის ყველა კონსტრუქციული ნაწილი რიყის ქვით არის გამოყვანილი.  ბაზილიკის შუა ნავი გვერდითი ნავების მიმართ შედარებით ნაკლებადაა შემაღლებული. ტაძრის საკურთხეველის აფსიდს ნალისებრი ფორმა აქვს. ასევე ნალისებრი მოყვანილობა აქვს საკურთხევლის კონქსაც რომელიც ეყრდნობა მარტივი პროფილის მქონე იმპოსტებს. აფსიდის კუთხეები შირიმის ნათალი ქვისაა ალაგ-ალაგ შერეულია აგურიც. აფსიდში მოწყობილია მერხი რომლის ცენტრშიც მცირე შეღრმავებაა მონასტრის წინამძღვრის დასაჯდომად. საკურთხეველი ეკლესიის მიმართ ამაღლებულია ორი საფეხურით და დარჩენილი სივრცისგან გამოყოფილია კანკელით. საკურთხევლის ცენტრში დგას დიდი კუბური ფორმის ტრაპეზი.

შუა ნავი კარგადაა განათებული, საკურთხევლის სარკმლის გარდა სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლის სარკმელია. სამხრეთის და ჩრდილოეთის ნავები გეგმარებით ერთმანეთისგან  განსხვავდება. კერძოდ ჩრდილოეთის ნავი რამდენადმე მაღალია, გადახურულია ცილინდრული კამარით რომელიც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. სამხრეთის და ჩრდილოეთის ნავების აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია სამკვეთლო და სადიაკვნე. ორივე სივრცეს შესასვლელი დასავლეთიდან შესაბამისი ნავიდან აქვს. სამკვეთლო ნავის გარდა საკურთხეველთანაც არის დაკავშირებული. სადიაკვნეს აღმოსავლეთის მხრიდან აქვს ერთი თაღოვანი სარკმელი.

ეკლესიის ფასადზე აშკარად გაირჩევა მშენებლობის  ორი განსხვავებული ფენა. გვიანდელი წყობა შესრულებულია მცირე ზომის რიყის ქვით, კრამიტისა და აგურის ნატეხებით. ფასადებიდან განსაკუთრებით გაწყობილია აღმოსავლეთის და დასავლეთის ფასადები, დანარჩენი ორი ფასადი სრულიად სადაა. აღმოსავლეთის ფასადის კუთხეები გამოყვანილი ყოფილა შირიმის ნათალი ქვით, სამხრეთი კუთხე თითქმის მთლიანადაა შემორჩენილი, ხოლო ჩრდილოეთი თითქმის მთლიანად აღდგენილია. ბაზილიკის ინტერიერის ანალოგიურად აღმოსავლეთის კედელის სიბრტყე დაყოფილია სამ ნაწილად. ეს დაყოფა მიღწეულია ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი სამი თაღის მეშვეობით. შუა თაღი დანარჩენებთან შედარებით ბევრად მაღალი და განიერია. თაღებიც და ნახევარსვეტებიც აგურითაა ნაწყობი ხოლო ნახევარსვეტების კაპიტელები და მომრგვალებული ნაწილები კი მოყვითალო შირიმისაა. შირიმითვე ყოფილა ნაწყობი ყველა სარკმელი.

შუა ნავის ზედა ნაწილში ლილვისებრ ჩარჩოთი შემოფარგლული წრიული არეა, რომელშიც ორი საფეხურით შეღრმავებული მრგვალი ნიშაა. საკურთხევლის სარკმლის ძირში შირიმის ქვაზე შესრულებულია სამ სტრიქონიანი წარწერა: „განუსვენე უფალო სულთა გიორგის ძეთა“. წარწერა ღრმა კვეთით ასომთავრულიდან ნუსხურზე გარდამაველი ასოებითაა შესრულებული. ასოები დაფარულია წითელი ფერის საღებავით და პალეოგრაფიული ნიშნით მე-9 საუკუნით თარიღდება.

ტაძრის დასავლეთ ფასადზე, თაღის ქვედა ნაწილში მოთავსებულია კირის ნოტიო ბათგაშზე, ამოღარული დიდი ასომთავრული წარწერა. წარწერა ჩასმულია წითელი საღებავითვე შესრულებულ ჩარჩოში. ღარები დაფარულია წითელი საღებავით ხოლო ასოების ნაწილი მხოლოდ საღებავით ყოფილა შესრულებული. აღნიშნულ წარწერებში მოხსენიებულნი არიან პირები, რომლებიც ტაძრის აღშენებას უკავშირდებიან მაგრამ, მათი სახელების დაქარაგმების გამო, იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. დასავლეთის ფასადის თაღის ზედა ნაწილში მოთავსებული ყოფილა ასევე მთავრული ასოებით გამშვენებული ორსტრიქონიანი წარწერა. მისგან შემორჩენილია და იკითხება მხოლოდ ქვედა სტრიქონის ორი სიტყვა: „ადიდე სულით“.  თავისი მონახაზით აღნიშნული წარწერის ასოები ახლოს დგას მე-11 საუკუნის საზეიმო წარწერებთან.

ეკლესიას კედლის მხატვრობის მხოლოდ ფრაგმენტები აქვს შემორჩენილი რომელთა შესრულების დრო ეკლესიის ისტორიის ორ სხვადასხვა ეტაპს უკვშირდება.  ტაძრის აგების თანადროული უნდა იყოს ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე წარმოდგენილი ფერწერა (მაცხოვარი ანგელოზემის გარემოცვაში). ტაძრის სამხრეთ და ჩრილოეთ ფასადებზე არსებული საღებავის ლაქების მიხედვიტ გ.ჩუბინიშვილის აზრით მხატვრობა ამ ორი კედლის დეკორშიც იქნებოდა ჩართული.

ეკლესიის ისტორიის სხვა პერიოდს (მე-14, მე-15 საუკუნეები, შესაძლოა მე-16) მიეკუთნება ინტერიერის მხატრობა რომელიც დროთა განმავლობაში განადგურდა, შემორჩენილია მხოლოდ შუა ნავის დასავლეთ კედლის მხატვრობის ნაწილი, სადაც უფლის შობის და ღვთისმშობლის მიძინების კომპოზიიებია წარმოდგენილი.

ტაძარი შემოფარგლულია რიყის და ნატეხი ქვით ნაგები გალავნით, რომელიც ძლიერ არის დაზიანებული. ასევე ტაძრის მახლობლად არის სხვადასხვა სახის ნაგებობების კვალიც (მცირე დარბაზული ეკლესია, სატრაპეზო, კოშკი, მარანი).

ტაძარს 1956, 1971 და 1976 წლებში ჩაუტარდა სხვადასხვა მასშტაბის სარესტავრაციო სამუშაოები. ასევე 2010 წელსაც განხორციელდა მცირე სარეაბილიტაიო სამუშაოები. 2013 წელს მოხდა ტაძრის ხელახალი აზომვა მისი რეაბილიტაციის პროექტის დამუშავების მიზნით.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის