ქაჩალაურის ციხე


galerea



aRwera

ქაჩალაურის ციხე, წარმოადგენს არქიტექტურულ კომპლექსს რომელიც მდებარეობს, სოფელ ხევისჭალის ჩრდილო დასავლეთით, დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე,  ტყიან ბორცვზე. კომპლექსში შედის ეკლესია, რამდენიმე ნაგებობა და კოშკიანი გალავანი.

ეკლესია ორ ნავიანია (9 მ * 5.2 მ-ზე) და განეკუთნება VIII-IX საუკუნეებს, ნაგებია ნატეხი ქვით, წყობა ირეგულარულია. ეკლესიის ზედა სივრცეს მთავარი და მასზე რამდენადმე მოკლე ჩრდილოეთ ნავი ქმნის, ეს სივრცეები ერთმანეთისაგან გამიჯნულია ოთხკუთხა ბურჯზე დაყრდნობილი ორი ფართო თაღით. ორივე თაღი მთავარი ნავის მხარეს ორ საფეხურიანია. აღმოსავლეთ თაღი დასავლეთ თაღთან შედარებით ვიწროა, მას ნალისებრი მოყვანილობა აქვს. დასავლეთ თაღი წვერში შეტეხილია. ორივე თაღის ქუსლებთან გამოყოფილია თაროსებრი იმპოსტები. ტაძარს ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთ ნავის ჩრდილოეთ კედელშია. კარს გადახურვა ჩამონგრეული აქვს და მისი ფორმა არ დგინდება.

მთავარი ნავი ვიწროა და საგრძნობლადაა წაგრძელებული აღმოსავლეთ - დასავლეთის მიმართულებით (სიგრძე 8.3 მ  - სიგანე 2 მეტრი - სიმაღლე კამარის წვერომდე 5.3 მეტრი).

აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდია რომლის ღერძზე გაჭრილია ნალისებრი თაღით გადახურული სარკმელი. სარკმლის ორიოვე მხარეს, თითო სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ ნიში სარკმლის ძირის დონეზეა, ჩრდილოეთისა კი კონქის ქუსლის დონეზე. ასევე ამ ნიშების დონეზე, ჩრდილეთ კედლის აღმოსავლეთ კიდესთან თითო სწორკუთხა ნიშია. აბსიდში ქვით ნაშენი კუბური ფორმის ტრაპეზი დგას. აფსიდი გადახურულია წესიერი ფორმის კონქით რომლის ნახევარწრიული თაღი თაროსებრ იმპოსტებს ეყრდნობა. აფსიდის წინ ერთ მეტრზე შემორჩენილია კანკელის მცირე ნაწილი. სამხრეთის კედელზე ორი ორსაფეხურიანი ყრუ თაღია. თაღები ნალისებრი ფორმისაა და დაყრდნობილია მათ შორის მოქცეულ ორ საფეხურიან პილასტრზე. კედლის აღმოსავლეთ კიდეში ნალისებრი თაღით გადახურული განიერი სარკმელია, რომლის ნაწილი აფსიდშია შეჭრილი. კამარა ნახევარ წრიულია, ეყრდნობა ორ საბჯენ თაღს, თაღები კი შეკიდულ პილასტრებს, მათგან ერთი ნავის შუაშია, მეორე კი დასავლეთ კედელთან.

ჩრდილოეთ ნავი მთავარ ნავზე ორჯერ უფრო ვიწროა. ნავის აღმოსავლეთ კედელში ერთი პატარა ნიშია, ჩრდილოეთისაში კი ორი პატარა სარკმელი. ორივე სარკმელს ნალისებრი თაღი აქვს. დასავლეთ სარკმელი მოგვიანებით მიშენებულ ჩრდილოეთ სათავსში გადის. მოგვიანებით შესასვლელისთვის, ნავის მხრიდან, თავმომრგვალებული სქელი კედელი მიუშენებიათ, რომელშიც ვიწრო და მაღალი თაღოვანი გასასვლელია დატანებული.

ჩრდილოეთ ფასადზე შემორჩენილია ნატეხი ქვის ორ საფეხურიანი ლავგარდანი. ეკლესია გადახურულია ცალკალთა სახურავით, რომელიც სამხრეთ ჩრდილოეთის მიმართულებითაა დახრილი.

ეკლესიას ჩრდილოეთიდან ნატეხი ქვით ნაგები, გეგმით სწორკუთხა სათავსი (4.8 მ * 4.3 მ-ზე) ეკვრის. სათავსის გარეთა კუთხეები, შესასვლელი, სარკმელი და დასავლეთ ფასადი მოპირკეთებულია შირიმით. შესასვლელი დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ კიდეშია. კარი გარედან თაღოვანი ყოფილა (შემორჩენილია ჩრდილოეთ ქუსლის წყობა), შიგნით კი სწორკუთხა. სათავსის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელი აღმოსავლეთისაზე თითქმის ორჯერ უფრო მაღალია. აღმოსავლეთ კედელს მთელს სიგრძეზე საფეხური გასდევს (სიგანე 2.3 მეტრი). სათავსი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის ღერძი ჩრდილოეთ კედლის პერპენდიკულარულია.

სათავსი შიგნით შელესილია და იგი მოხატული ყოფილა. კამარის აღმოსავლეთ ნაწიში შემორჩენილია ფიგურების ტერფები და ძვირფასი ქვებით შემკული სამოსის ქვედა ნაწილი, ქვემოთ აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწლიში კი ცხენოსანი მეომრის გამოსახულების ფრაგმენტები.

ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე, ზემოთ გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით. ღვთისმშობლის გამოსახულება დიდია, ხოლო ყრმის ფიგურა სამი მეოთხერდითაა მოცემული. იგი ერთი ხელით აკურთხებს მეორეში კი გრაგნილი უჭირავს. ღვთისმშობელს მარცხენა ხელი ყრმის მხარზე უდევ, მარჯვენა ხელის დიდი მტევანი კი მის ბარძაყზე. ღვთისმშობლის ყვითელ შარავანდზე გამოსახულია მარგალიტები და მოწითალო - ყავისფერი ძვირფასი ქვები.

ღვთისმშობლის წინ ოდნავ ქვევით, მარტვილი ქალის გამოსახულებაა. მარტვილს მარცხენა ხელის გაშლილი მტევანი მკერდის წინ უჭირავს, მარჯვენა ხელში კი თეტრი ჯვარი უკავია. ქვემოთ ცხენოსანი წმინდა მეომრის ფიგორის ნაშთაბი გაირჩევა.

ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში ზემოთ, შემორჩენილია ნათლისღების სცენის  ფრაგმენტები - მაცხოვრის გამოსახულება და მის გარშემო პარალელურად განლაგებული დიდი თევზები. ქვემოთ ფრონტალურად გამოსახული წმინდანის (მამაკაცი) სახის ნაწილიღა ჩანს. ამავე კედლის სარკმლის წირტხლზე მცენარეული ორნამენტია: აღმოსავლეთ წირთხლეზე ფოთოლი დასავლეთზე კი ღერო. სარკმლის თავზე კედლის მონაკვეთი შემკულია გეომეტრიული მოტივებით. კამარის დასავლეთ ნაწილში ორი წმინდანის მთლიანი გამოსახულებაა. წმინდანთა სახე და ყელი დაფარულია სქემატური ვარდისფერი ზოლებით. ნიკაპზე ამავე ფერის ხაზით შემოფარგლულია წრე. ბაგეების კუთხეეში კი მოკლე ხაზოვანი შტრიხებია. წმინდანთა სახეების ზოგადი ნიშნებია: დიდი თავალები, მშვილდისებრი წარბები, გრძელი ბოლოში გაგანიერებული ცხვირი და სწორი ხაზით აღნიშნული ბაგეები. მათ ახასიათებთ უშუალო გამომსახველობა. ტანსაცმლის ნაკეცთა ნახატი ორნამენტული ხასიათისაა. მოხატულობის კოლორიტი ნათელი და თბილია (ოქროსფერი ოქრა, ღია ვარდისფერი მოწითალო ყავისფერი თეთრი). მხატროვა „ხალხური“ ჯგუფის ძეგლებს განეკუთნება და გვიან შუასაუკუნეებშია შესრულებული. სათავსს კრამიტის ორფერდა სახურავი აქვს.

ეკლესიას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან, მოგვიანებით აგებული, გალავნის კედლები ეკვრის, რომელიც ეკლესიის ფასადებს მთლიანად ფარავს.

გალავანი (აღმოსავლეთ - დასავლეთ ღერძზე 70 მეტრი, სიგანე 60 მეტრი) ბორცვის თავს გასდევს. ნაგებია ნატეხი ქვით და კირის ხსნარით.  კედლის ზედაპირი ბათქაშითაა მოსწორებული. შემორჩენილია გალავნის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების ნაწილები (სიმაღლე 7-7.5 მ). ჩრდილოეთ კედელი მოგვიანებით გაუსქელებიათ (სისქე ფუძესტან 2.5 მეტრი), სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი კი ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული. გალავანში ორი კოშკია ჩართულია. ჩრდილო დასავლეთ კუთხის კოშკი გეგმით კვადრატულია (6მ * 6 მ-ზე) და სანახევროდ გალავნის გარეტაა გასული. შემორჩენილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები (სიმაღლე 4.7 მეტრი). პირველ სართულზე ორი პატარა ნიშია. სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა. მეორე კოშკის დასავლეთ და სამხრეთ კედლების უმნიშვნელო ნაწილებიღაა შემორჩენილი.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის