ახატანის ნათლისმცემელი


galerea



aRwera

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და მცირე ეკლესია, მდებარეობს სოფელ ახატანის ჩრდილოეთით 2-2.5 კილომეტრის მანძილზე, ტყეში. ტაძრები ერთმანეთისგან ორიოდ მეტრითაა დაშორებული. მათგან ჩრდილოეთით მდგარი უფრო ადრინდელი და შედარებით უკეთ შემორჩენილი ნათლისმცემლის ეკლესია, განვითარებულ შუასაუკუნეებს განეკუთნება. მეორე მომდევნო ხანებში გვიანდელ შუასაუკუნეებშია აგებული.

იოანე ნათლისმცემლის ეკლესია გეგმით ოდნავ მოგრძო სწორკუთხედია და იგი აღმოსავლეთით ნახევარწრიული შვერილი აფსიდითაა დასრულებული (10.7 მ * 6 მ-ზე). ტაძარი ნაგებია დაუმუშავებელი ქვიშაქვითა და ქართული კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად ქვიშაქვისაა. კონქი, კამარა, საბჯენი თაღები და ლავგარდანი აგურითაა ნაგები. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარისა და საბჯენი თაღების მნიშვნელოვანი ნაწილი, მთელს სიმაღლეზეა გარღვეული აფსიდი ჩამოშლილია გარეთა კუთხეების ზედა ნაწილები, დასავლეთ ფრონტონის ჩრდილოეთ ნახევარი და კრამიტის საფარი. აქა-იქ მორღვეულია საფასადო წყობა და ლავგარდანი. შესასველელები სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა ნავის შუაში. ორივე კარი დასრულებულია ნახევარწრიული ტიმპანით. ჩრდილოეთ შესასვლელის წინ ორფერდა სახურავებიანი, შიგნიდან ნახევარწრიული კამარით გადახურული, პატარა კარიბჭეა. აღმოსავლეთ აფსიდის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხოვანი ნიშია. აფსიდს თითქმის მთელ სიგრძეზე ჩამოსაჯდომი საფეხური გასდევს რომლის შუაში - სარკმლის ქვემოთ, გამოყოფილია წინამძღვრის დასაჯდომი ადგილი. ნავის გრძივი კედლები და ცილინდრული ფორმის კამარა, ერთსართულიანი ორი წყვილი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით სამ თანაბარ ნაწილადაა დაყოფილი. თითო საბჯენი თაღია კამარის ორივე კიდეში, რომლებიც კუთხის პილასტრებზეა დაყრდნობილი. საკურთხევლის სარკმლის გარდა თითო თაღოვანი სარკმელია გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე.

შელესილი და მოხატული  ინტერიერის ფერადოვანი შრე კამარის ჩამოქცევის გამო გადარეცხილია. მოხატულობა ეკლესიის თანადროულია. საკურთხევლის კონქში წარმოდგენილია ვედრება (განვითარებული რედაქცია), ქვემოთ ეკლესიის მამები (ათი ფრონტალური ფიგურა), ასევე სარკმლის წირთხლებზე - ორი დიაკვანი. ნავის სამხრეთ კედელზე მხატვრობის სამი რეგისტრია შემორჩენილი. ზედა რეგისტრის აღოსავლეთ ნაწილში იოანე ნათლისმცემლის შობაა გამოსახული, მის ქვემოთ კი მთელი ტანით მოცემულია ორი წმინდა მეომარი. ამავე კედლის დასავლეთ ნაწილში, მეორე და მესამე რეგისტრების მთელ სიმაღლეზე კტიტორის გამოსახულებაა. მას საერო ტანსაცმელი აცვია და ხელში ეკლესიის მოდელი უჭირავს. კომპოზიცია, რომელიც სამხეთ კედლის დასავლეთ პილასტრზეა გამოსახული არ გაირჩევა. სარკმლის წირთხლზე კი ჩვილი მაცხოვარია ბარძიმში. დასავლეთ კედლის მხატვრობა დაყოფილია ორ რეგისტრად. ზამოთ გამოსახულია დიდი ზომის სცენა - იერუსალიმს შესვლა. ქვედა რეგისტრი ცალკეულ გამოსახულებებსა და ერთ სცენას შეიცავს. კედლის სამხრეთ კიდეთან ქალის ფიგურაა მონაზვნის ტანსაცმელში, რომელსაც ცის სეგმენტში წელს ზევით მოცემული მაცხოვრისაკენ აღუპყრია ორივე ხელი. მას, ისევე როგორც კტიტორს შარავანდი არ გააჩნია. მის გვერდით, შედარებით მცირე ზომის ორი მარტვილია (მამაკაცები), ხოლო კედლის ჩრდილოეთ ნაწილში კი ჯოჯოხეთის წარმოტყვევნაა გამოსახული. ამავე კედლის სარკმლის წირთხლებზე წარმოდგენილია მარიამ ეგვიპტელის ზიარება. აქვე შემორჩენილია ერთადერთი ასომთავრული წარწერა  - „წა-აი ზოსიმენ“. ნავის ჩრდილოეთ კედელზე ნალესობის უმეტესი ნაწილი ჩამოცვენილია, შემორჩენილია ორი წმინდა მეომრის გამოსახულება ქვედა რეგისტრის აღმოსავლეთ ნაწილში და წმინდანის ფიგურა ამავე რეგისტრის დასავლეთ ნაწილში.  მხატვრობაში გამოყენებულია მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტი, რომელიც აფსიდის მხრებსა და პილასტრების გვერდებს ამკობს. ორნამენტული ზოლი ქვედა ნაწილშიც გასდევს მთელს მოხატულობას. ფერწერის კოლორიტი ნათელი და სუფთაა. გაბატონებული ფერებია ლაჟვარდოვანი ცისფერი, ოქროსფერი ოქრა , მოწითალო - აგურისფერი, მოწითალო ყავისფერი, წითელი (ამჟამად ჩაშავებულია). ნახატი მოქნილია, დინამიკური.

ფასადები სხვადასხვა ფორმისა და ზომის სრულიად დაუმუშავაბელი ქვიშაქვითაა ნაწყობი რომელშიც ჩართულია თანაბარი მანძილით დაცილებული აგურის თითო რიგიანი შრეები. ქვებს შორის დარჩენილი არეები აგურითაა შევსებული, რომელიც ზოგან შვეულად ხოლო ზოგან თარაზულადაა განლაგებული. ერთადერთი დეკორატიული ელემენტი აგურის კომბინირებული წყობით გამოყვანილი რელიეფური ჯვარია, დასავლეთის ფასადის ფრონტონზე. ფასადები საფეხუროვანი ლავგარდნითაა დასრულებული, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამოშლილია.

მცირე ეკლესია (8*5.9მ) ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ძლიერ დაზიანებულია. მთლიანადაა ჩამოშლილი ნავის კამაროვანი  გადახურვა, დანგრეულია გრძივი კედლების უმეტესი ნაწილი. ტაძარს შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს, ნავის ჩრდილო აღმოსავლეთ კუთხესთან. საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში, სწორკუთხა სარკმლის ქვემოთ კედელზე ტრაპეზია მიშენებული. აფსიდის სამხრეთ ნახევარში მცირე სწორკუთხა ნიშია სამხრეთ და  დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. კედლებში შიგნით და გარეთ, იოლად შეიმჩნევა, ბათქაშის კვალი.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები ლელა მარგიანის და ანზორ მჭედლიშვილის