შოშხოთის მონასტერი


galerea



aRwera

შოშხოთის მონასტერი მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორგულის დასავლეთით 2 კმ-ში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა ნაპირას, ხშირი ტყით დაფარულ ადგილას. შემორჩენილია მცირე დარბაზული ეკლესია და ძლიერ დანგრეული მოზრდილი ტაძარი, რომლის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე რთულდება მისი არქიტექტურული ტიპის დადგენა.

დარბაზული ეკლესია (5.22 X 3.45 მ) ნაგებია კარგად გათლილი ნაცრისფერი ბაზალტის ქვით. ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა, რომელიც საკმაოდ ვიწროა - სიგანეში მხოლოდ 77 სმ, რაც განპირობებული უნდაიყოს ზოგადად ტაძრის მცირე ზომით. შესასვლელი გარედან გადახურულია არქიტრავით, ხოლო შიგნიდან თაღოვანია. ინტერიერის მოსაპირკეთებლად იგივე ქვაა გამოყენებული, რაც გარეთ, თუმცა უფრო წვრილი და უხეშად დამუშავებულია. შუა პილასტრები მთავრდება მარტივი პროფილის კაპიტელებით, ხოლო დასავლეთ კაპიტელ-კრონშტეინებს წყლის წვეთის ფორმა აქვთ. ეკლესიას ორი სარკმელი აქვს - აღმოსავლეთით სწორკუთხა, ხოლო დასავლეთით წრიული. მიუხედავად ამისა შიდა სივრცე საკმაოდ ძუნწად არის განათებული.

სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადები სადაა, მოპირკეთების გარეშე. აღმოსავლეთ ფასადზე მხოლოდ სარკმლის საპირეა მორთული - სწორკუთხა მოჩარჩოებით. მისი ორმაგლილვიანი ჩარჩო შემოსაზღვრავს საპირეს, რომელიც გალეული გეომეტრიული ორნამენტითაა შემკული. სარკმლის ზედა სამხრეთ კუთხეში შარავანდედიანი სახეა ამოკვეთილი, თუმცა ძალიან ზოგადი, კვეთა სავარაუდოდ გვიანდელია.

დასავლთ ფასადი შედარებით მეტადაა მორთული. აქ არსებული წრიული სარკმელი ორმაგი ლილვითაა გამდიდრებული, რომელთა შორის სივრცე შევსებულია გრეხილი ორნამენტით. არქიტრავის შუა ნაწილში ფონის დადაბლებით შექმნილ კვადრატულ ნაწილში ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. სარკმლის ზემოთ ჩასმულ ქვაზე სამ სტრიქონიანი წარწერაა მოთავსებული.

XX ს-ის 30-იან წლებში სამცხეში იმოგზაურა ქართველმა არქეოგრაფმა გიორგი ბოჭორიძემ და ბუნებრივია შოშხოთის მონასტერიც მოინახულა. მან წარწერის წაკითხვისას პირველი სტრიქონი წაშლილად ჩათვალა, ხოლო მეორე და მესამე შემდეგნაირად წაიკითხა: „ასაშენებელი მან შემოწირა შეუნდვენ ღმერთმან“. გ. მარსაგიშვილის აზრით ხსნარით დაფარული სამი ასოს „ოქო“ წაკითხვა მაინც შეიძლება, შესაბამისად გამოდის: „ოქრო მან შემოსწირა, შეუნდვენ ღმერთმა“. პალეოგრაფიულად წარწერა ეკლესიაზე ადრეულია და ნაკლული, შესაბამისად შესაძლოა სხვა ტაძრიდან იყოს გადმოტანილი (ჩვენი ვარაუდით ქვაშესაძლოა გადმოტანილი იყოს იქვე არსებული დანგრეული სამეკლესიანი ბაზილიკიდან, რომელსაც ქვემოთ განვიხილავთ).

ამრიგად, სარკმელთა მორთვის და ქვაზე კვეთის  პრინციპით ტაძარი შეიძლება XIV ს-ის II ნახ. დათარიღდეს.

დარბაზული ეკლესიის დასავლეთით რამდენიმე მეტრში საკმაოდ საინტერესო მოზრდილი ეკლესიის ნანგრევია (11.4 X 8.6 მ). ის მთლიანად ხე-ბუჩქნარით იყო დაფარული, თუმცა ბოლო პერიოდში გაიწმინდა და ნანგრევებიც შედარებით უკეთ გამოჩნდა. ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ დუღაბის მცირე ნაწილი ისიც აღმოსავლეთი სამაფსიდიანი საკურთხეველი და ცენტრალური ნავის სამხრეთი კედელი. დანარჩენი საძირკვლემდეა დანგრეული, მაგრამ მიუხედავად ამისა,მაინც შეიძლება ვიფიქროთ, რომ აქ სამეკლესიანი ბაზილიკა იქნებოდა აგებული. ეს არქიტექტურული ტიპი მესხეთისთვის უცხო არ არის, მაგრამ ადიგენში მსგავსი იშვიათია. მისი შემდგომი არქეოლოგიური კვლევა ბევრ საინტერესო ფაქტს გამოავლენს, თუმცა აგების თარიღად მაინც შეიძლება ვივარაუდოთIX საუკუნე.

შოშხოთი მცირე მანძილითაა დაშორებული ზარზმის მონასტრისგან. ბილიკით სულ რამდენიმე კმ-ში შეიძლება იქ მოხვედრა. შესაბამისად ამ ორი მონასტრის დაარსება და შემდგომი ისტორია მჭიდროდ იქნებოდა ერთმანეთთან დაკავშირებული.

შოშხოთის მონასტერი ქართული საზოგადოებისთვის უცნობი ძეგლია. აქ მომავალში იგეგმება სამონასტრო კომპლექსის აღდგენა და მამათა მონასტრის დაარსება. ამისთვის კეთილმოეწყო სოფ. გორგულიდან მონასტრამდე მისასვლელი საავტომობილო გზა, ხოლო ბერებისთვის მიმდინარეობს საცხოვრებელი კელიების მშენებლობა.

 

ინფორმაცია მოამზადა არჩილ მაისურაძემ
ფოტოები: არჩილ მაისურაძის