საბაწმინდა (კარდენახი)


galerea



aRwera

საბაწმინდის მონასტერი, მდებარეობს სოფელ კარდანახის სამხრეთ - დასავლეთით, დაახლოებით 700 მ-ზე. მონასტერი აერთიანებს სამ ეკლესიას – წმ. საბას სახელობის დიდ გუმბათოვან ეკლესიას, რომლის სახელსაც მონასტერი ატარებს და მასთან ახლოს მდგარ სამეკლესიან ბაზილიკას (მოსახლეობა მას წმ. ნიკოლოზისად თვლის), რომელიც, როგორც ჩანს, ადრე ასევე მონასტრის ეკლესიას წარმოადგენდა. გუმბათოვანი ეკლესიის სამხრეთ - დასავლეთით მოზრდილი სამონასტრო ნაგებობის ნაშთებია, ხოლო სამხრეთ - აღმოსავლეთ კუთხესთან ორიოდე მ-ზე – წმ. ბარბარეს სახელზე აგებული პატარა სამლოცველო. ეკლესიის სამხრეთ - დასავლეთით ფერდობში გამოკვეთილი სათავსია.  ეკლესიის ირგვლივ სხვადასხვა ადგილზე შეიმჩნევა ნაგებობათა ნაშთები. საბაწმინდის ეკლესია, განეკუთვნება XIII ს-ის I ნახევარს. ეკლესია გეგმით ჩახახული ჯევრის ტიპისაა (19.1 მ * 11.8 მ-ზე), რამდენადმე წაგრძელებული აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებით. ნაგებია ძირითადად აგურით და გარედან მთლიანად შირიმითაა მოპირკეთებული. მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია გუმბათი. რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთ ორ თავისუფლად მდგომ სწორკუთხა ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის საფუძვლის წრიულ მოხაზულობაზე გადასვლა ხდება აფრებით. გუმბათქვეშა თაღები ნახევარწრიულია, მცირე ტეხილით. ისინი დაყრდნობილია შირიმის თაროსებრ იმპოსტებზე – შეღრმავებული მრუდხაზოვანი პროფილით. გუმბათის ყელის საფუძველი ხაზგასმულია შვერილი ზოლურით, რომელიც გამოყვანილია ნახევარწრიული ფორმის ლეკალური აგურის ორი რიგით. საკურთხევლის სივრცე ვრცელია, იგი ნახევარწრიული აფსიდისა და ბემისგან შედგება. აფსიდი ბემას უშუალოდ ერთვის მხრების გარეშე და მისგან მხოლოდ კონქის თაღითაა გამიჯნული. აფსიდის ორსავე მხარეს თითო განცალკევებული სათავსია სამკვეთლო და სადიაკვნე. ორივე საკურთხეველთან კარითაა დაკავშირებული. საკურთხევლიდან სამკვეთლოში გამავალი კარი თაღოვანია, სადიაკვნეში გამავალი კარი კი – სწორკუთხა. საკურთხეველში ერთმანეთთან ახლოს გაჭრილია სამი ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელი. მათ ქვემოთ მოწყობილია ხუთი ნახევარწრიულთავიანი, გეგმით ნახევარწრიული ნიშა – ეკლესიის მსახურთა დასაჯდომად. შუა ნიშს, რომელიც მონასტრის წინამძღვრისთვისაა განკუთვნილი, დასაჯდომი ადგილი დანარჩენებთან შედარებით შემაღლებული აქვს. საკურთხეველი ეკლესიის დანარჩენი სივრცისგან გამიჯნულია მაღალი, ხუთთაღიანი კანკელით (გვიანდელია). სამკვეთლო და სადიაკვნე კამარით გადახურული პატარა სათავსებია, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით დასრულებული, რომელშიც თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. შესასვლელი ორივეს დასავლეთიდან, შესაბამისი მკლავიდან აქვს, ორივე კარი თაღოვანია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე მოწყობილია თითო პატარა სათავსი მრგვალი სარკმლით აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთით მდებარე სათავსის სწორკუთხა შესასვლელი სამკვეთლოს შესასვლელის გასწვრივაა. სადიაკვნის თავზე არსებულ სათავსში ასასვლელად სადიაკვნის აფსიდსა და საკურთხეველს შორის კედლის სისქეში, მოწყობილია ვერტიკალური მილისებრი ხვრელი, წყობიდან გამოშვერილი რიყის ქვებით, რომლებიც საფეხურებად გამოიყენებოდა. ჯვრის დასავლეთ მკლავი კუთხის სივრცეებს უკავშირდება თითო განიერი თაღით, მკაფიოდ გამოვლენილი, ტეხილით წვერში. ეკლესიის შიდა სივრცეს, საკურთხევლის სამი და გუმბათის ყელში გაჭრილი თორმეტი მაღალი სარკმლის გარდა, კიდევ სამი თაღოვანი სარკმელი აშუქებს, რომლებიც გაჭრილია ჯვრის სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლების ღერძებზე. შესასვლელები მოწყობილია დასავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში. მათგან დასავლეთისა შესაბამისი მკლავის ღერძზეა, ხოლო ორი – კუთხის ნაწილებში. 

ეკლესიის გარეგანი ფორმები სავსებით შეესაბამება სივრცის შინაგან სტრუქტურას: ორფერდა სახურავით დასრულებული ჯვრის ოთხი მკლავი რომელთა გადაკვეთის ადგილზე აღმართულია გუმბათის მაღალი ყელი და ქვემოთ, კუთხეებში უფრო დაბალი, ცალფერდა სახურავით გადახურული ნაწილები. ეკლესიის ფასადების პერანგი მთლიანად შირიმის ქვისაა, კვადრები საშუალო ზომისაა, ნაკერები კი, უმეტესად ჰორიზონტალური. ფასადების ზედა ნაწილები, ისევე როგორც გუმბათის ყელის ზედა ნაწილი და ლავგარდანი, აღდგენილია XX ს-ის 80-იანი წლების დასაწყისში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს. დამუშავების მხრივ ფასადები შედარებით სადაა, დაუნაწევრებელი. ფასადებსე ძირითადად კარ  - სარკმელთა ღიობებია მორთული, რომლებსაც ირგვლივ შეწყვილებული ლილვებით გამოყვანილი საპირე ევლება. საპირეები უფრო მეტად XIII ს-ში გავრცელებული ელემენტე-ბისგანაა შედგენილი (კუთხის კვადრატები, შეწყვილებული შვეული და ჰორიზონტალური ლილვი, თავსა და ბოლოში მოთავსებული სარტყელიანი ბურთულებით). ლილვები უმეტეს შემთხვევაში გლუვია, ტლანქი. კვადრატები სხვადასხვა გვარადაა (ძირითადად ლენტოვანი წნულით) დამუშავებული, ნახატი მშრალია, თვით ჩუქურთმის სახეები კი ბუნდოვანია. ეკლესიის ფასადებიდან შედარებით უხვად აღმოსავლეთისაა მორთული. ფასადის ღერძზე საკურთხევლის სამსარკმლიანი ჯგუფია, რომელთა საპირეები ასე თუ ისე ებმის ერთმანეთს. შუა სარკმელი გვერდითებთან შედარებით უფრო მაღალია და ირგვლივ სწორკუთხა საპირე ევლება. გვერდის სარკმლების საპირე თაღოვანია, კვადრატებით თაღების ძირებთან და საფუძველთან. შუა სარკმლის თავზე აღმართულია მაღალი, სადა ლილვით შემოფარგლული, ოდნავ პროფილირებული ჯვარი. საკურთხევლის განაპირა სარკმლების თაღის გვერდებზე ნაკვეთი სახეებით დამუშავებული თითო გირჩია. ფასადის გვერდის ნაწილების სარკმლები შეწყვილებული ლილვით გამოყვანილ თაღოვან საპირეშია ჩასმული. მათგან სამხრეთით მდებარე სარკმლის თავზე პატარა რელიეფური ჯვარია, ჩრდილოეთით მდებარე სარკმლის თავზე კი – გირჩი. ორივე სარკმლის გასწვრივ, საკურთხევლის სარკმლების თაღების დონეზე, სამკვეთლოსა და სადიაკვნის ზემოთ მდებარე სათავსების თითო მრგვალი სარკმელია. რომლებსაც ირგვლივ შეწყვილებული ლილვი ევლება. სამივე დანარჩენ ფასადზე არსებული ღიობები იმავე სისტემითა და ელემენტებითაა გაფორმებული. ჯვრის აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავების სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლები დანაწევრებულია სამკუთხა, თაღოვანი ნიშებით. აღმოსავლეთ მკლავის კედლებზე ორ-ორი ნიშაა, დასავლეთ მკლავის კედლებზე კი სამ-სამი. გუმბათის ყელი უწყვეტი თაღნარითაა შემკული, რომლებიც დაყრდნობილია სამ-სამი ლილვით შედგენილ, ბურთულებით დასრულებულ სვეტებზე. სვეტების გასწვრივ თითო რელიეფური გირჩია. მოგვიანებით, როგორც ჩანს სამრეკლოს მშენებლობის დროს, გუმბათის ყელი, ისევე როგორც ეკლესიის ზოგიერთი ნაწილი, შეკეთდა. შეკეთების დროს გუმბათის ყელის ზედა ნაწილი, თაღნარიდან ზემოთ – ლავგარდნიანად, კვადრატული აგურით განუახლებიათ წომელიც 1976 წელს ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს შირიმის ფილებით შეცვალეს და ყელი შირიმისავე პროფილირებული ლავგარდნით დაასრულეს (ეკლსიის სამხრეთ ფასადზე შემორჩენილ იყო თავდაპირველი ლავგარდნის მცირე ნაწილი). ანალოგიური ლავგარდანი მოეწყო ეკლესიი კედლებზეც. 

XVI ს-ში ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადის შუა ნაწილზე მიუდგამთ მთლიანად აგურით ნაგები ორსართულიანი სამრეკლო. სამრეკლოს I სართული კუბური ფორმისაა, II სართული კი – რვაწახნაგა ფანჩატური. იგი ზემოთკენ სწორხაზოვნად ვიწროვდება და გადახურულია აგურისავე პირამიდული სახურავით. რომლის ძირში კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის რიგების მონაცვლეობით გამოყვანილი ოთხსაფეხურიანი ლავგარდანია. სამრეკლოს I სართული გეგმით კვადრატულია (7.4 მ * 7.4 მ-ზე), აქვს სამი შესასვლელი.  მათგან ერთი ეკლესიის ჩრდილო - დასავლეთ კუთხის სივრციდანაა, ხოლო ორი გარედან. ორივე კარი ისრულთაღოვანია. ჩრდილოეთ შესასვლელი გარედან ჩასმულია ჩრდილოეთ კედლის სისქეში. კიბის უჯრედი განათებულია ერთი კვადრატული სარკმლით ჩრდილოეთიდან. სამრეკლოს თითოეულ წახნაგში თითო შეისრულთაღოვანი ღიობია, რომელთა თაღები გარედან ჩასმულია საფეხურით შეღრმავებულ სწორკუთხა არეში. შიგნით ფანჩატური გადახურულია გუმბათოვანი კამარით. 

ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან გვიანდელი მინაშენები ეკვრის. დასავლეთ მინაშენი (გადაკეთებულია) რიყის ქვითა და აგურითაა ნაგები. ამჟამად იგი ეკლესიის კარიბჭის დანიშნულებას ასრულებს. გადახურულია ცალფერდა სახურავით, ქანობით დასავლეთისკენ. სამხრეთ მინაშენიც (8 მ * 5.8 მ-ზე) ადრე კარიბჭედ გამოიყენებოდა და მთლიანად შირიმის კვადრებითაა ნაგები (კედლები შემორჩენილია 2 - 2.5 მეტრის სიმაღლეზე), შესასვლელი მას დასავლეთიდან აქვს. კარი თარაზულადაა გადახურული და გარედან, შეწყვილებული ლილვის საპირე ევლება, რომელიც ღიობზე გაცილებით მაღალია და ზედა კუთხეები მომრგვალებული აქვს. გარედან შესასვლელის მარჯვნივ, შეწყვილებული ლილვის ოთხკუთხა საპირეში ჩასმული მცირე ზომის სარკმელია. შიგნით კარიბჭე უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომლის შუაში გაჭრილია ბრტყლად გადახურული საშუალო ზომის სარკმელი. სარკმლის ქვემოთ კედელზე, ოთხწახნაგა ტრაპეზია მიშენებული. იქვე ერთდონეზე სამი კვადრატული ნიშაა. ერთი მსგავსი ნიშაა ამავე კედლის ჩრდილოეთ კიდესთან, სარკმლის გადახურვის დონეზე. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია სარკმლის ძირი. მოგვიანებით კარიბჭისათვის დასავლეთიდან მიუდგამთ, ასევე შირიმით ნაშენი პატარა სწორკუთხა სათავსი, რომელის მცირე ნაწილიღაა შემორჩენილი. ეკლესიის სამხრეთით 2 მ-ზე დგას გვიანდელი შუა საუკუნეების პატარა სამლოცველო. რომელიც წმ. ბარბარეს სახელზეა აგებული. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით, აგურის ნატეხებითა და კირის სქელი ხსნარით ტლანქად.  კედლები დასრულებულია შირიმის ნათალი ქვებით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნით (გვიანდელია), რომელსაც ფრონტონის ძირებთან მოკლე ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი სწორკუთხაა და გარედან თაღით დასრულებულ შეღრმავებულ არეშია ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ვიწრო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა.

კონქის შეისრული თაღი აფსიდის მხრებს ეყრდნობა. მის მსგავსად შეისრულია კამარაც. ეკლესიის სამხრეთ - დასავლეთით 40 - 50 მ-ზე მთის შვეულ გვერდში გამოკვეთილი სავარაუდოთ სამეურნეო დანიშნულების სათავსია. 

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის