წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (კარდენახი)


galerea



aRwera

სამეკლესიანი ბაზილიკა დგას საბაწმინდის გუმბათოვანი ეკლესიის ჩრდილოეთით ორმოციოდე მეტრზე, ღარტაფში. აგებულია VI საუკუნის შუა ხანებში. შენობა ნაგებია კარგად შერჩეული რიყის ქვის თანაბარი რიგებით. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა, სამმალიანი თაღედის სახით. შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (11.2 მ * 10.5 მ-ზე) ჩაწერილია სამი ნავი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ. დასავლეთით, მთავარი ეკლესიის გაყოლებაზე, კარიბჯეა, რომელიც თითო კარით უკავშირდება მთავარ და სამხრეთ ეკლესიებს და ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ბოლოში მოწყობილ პატარა კვადრატულ სათავსს. კარიბჭის თავზე მოწყობილია პატრონიკე, რომელსაც დამოუკიდებელი კამარა ხურავს და მთავარ ეკლესიაში მთელ სიგანეზეა გახსნილი.

 შუა ეკლესია დანარჩენებზე გაცილებით ფართოა და მაღალია, მას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, სამ მალიანი თაღედის შუა მალის პირდაპირ. კარი ბრტელადაა გადახურული – თხელი ქვის ფილით, რომლის თავზე შიგნით თაღოვანი ტიმპანია მოწყობილი. საკურთხევლის აფსიდი ნახევარწრიულია, მასში ერთი, გარეთკენ ოდნავ შევიწროებული სწორკუთხა სარკმელი და ორი პატარა თაღოვანი ნიშაა. აფსიდი გრძივი კედლებიდან ორსაფეხურიანი მხრებითაა გამოყოფილი და ირგვლივ დაბალი საფეხური შემოუყვება. შუა ეკლესიის გრძივ კედლებზე თითო ყრუ თაღია გამოყვანილი. შუა ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში ბრტყლად გადახურული ტიმპანიანი კარია, რომელიც ჩრდილოეთ ეკლესიაში გადის. 

ჩრდილოეთ ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც სწორკუთხა სარკმელი და ერთი პატარა სწორკუთხა ნიშაა – სარკმლის ჩრდილოეთით. კონქის თაღი ნახევარწრიულია, მსგავსი ფორმისაა კამარაც. ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ კედელში მოწყობილია მაღალი, თარაზულად გადახურული კარი, რომლითაც ჩრდილოეთ ეკლესია ჩრდილოეთ ნავის დასავლეთ ბოლოში არსებულ კვადრატულ სათავსს უკავშირდება. ამ სათავსის ჩრდილოეთ კედელში სწორკუთხა ღიობია, რომლელიც ალბათ გარეგანი კარით აკავშირებდა ქვედა სართულს ჩრდილოეთ   ნავის თავზე მოწყობილ მეორე სართულთან, ამ უკანასკნელს კი – პატრონიკესთან. სამხრეთ ეკლესია შედარებით კარგადაა შემონახული. მის აღმოსავლეთ ბოლოში საკურთხევლის აფსიდია. კონქს ორსაფეხურიანი თაღი აქვს, მათ შორის პირველი ნალისებრი ფორმისაა, მეორე ნახევარწრიული. საკურთხეველში პატარა სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სხმული კამარა მთელ სიგრძეზე სრულიად გლუვია. ჩრდილოეთ ნავის თავზე მეორე სართულის კარი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ბოლოშია; მის მოპირდაპირედ მაღალი, თარაზულად გადახურული კარია. რომელიც პატრონიკეში იხსნება. II სართული, შემორჩენილი ნაწილების მიხედვით კამარით ყოფილა გადახურული, რომელიც ერთი მხრივ, ჩრდილოეთ კედელსა და მეორე მხრივ, მთავარი ეკლესიის კედლის მიმდებარე თაღებს ეყრდნობოდა (შემორჩენილია თაღების საყრდენი კვადრატული ბოძები), სართული უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. მასში მოწყობილია განიერი და მაღალი, საფეხურით შეღრმავებული არე, რომელიც იატაკიდან იწყება და ალბათ საკურთხევლის მოვალეობას ასრულებდა. სადგომს ცალქანობიანი, დამოუკიდებელი სახურავი ჰქონია, რომელიც მთავარი ეკლესიის ლავგარდნის ქვემოთ იწყებოდა. 

პატრონიკე ცილინდრული კამარითაა გადახურული. რომელიც შუა ეკლესიის კამარისგან მათ საზღვარზე გამოყვანილი საბჯენი თაღითაა გამიჯნული. პატრონიკეს დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. დასავლეთ კედელში ორი კვადრათული ნიშაა. ეკლესიის საფასადო სიბრტყეები მოკლებულია მორთულობას. შუა ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი მაღალია. სამხრეთ და ჩრდილოეთ ნავები შუა ნავზე პირდგმულად იყო მიშენებული. სამივე ნავის ფასადის ღერძზე თითო სწორკუთხა სარკმელია. მათგან შუა – საკურთხევლის სარკმელი – დანარჩენ ორზე გაცილებით ფართოა და დაახლოებით სამჯერ უფრო მაღალი. განაპირა სარკმლები თითქმის თანაბარი ზომისაა, მაგრამ სხვადასხვა სიმაღლეზეა განლაგებული. ჩრდილოეთ სარკმლის თავი საკურთხევლის სარკმლის ძირის დონეზეა, სამხრეთ სარკმელი კი ჩრდილოეთ სარკმელზე უფრო დაბლაა. საკურთხევლის სარკმლის გადახურვის დონეზე ჩრდილოეთ ეკლესიის კედელს მთელ სიგანეზე გასდევს ჰორიზონტალური ნაკერი, რომლის შემდეგაც II სართულის კედელი იწყება. ჩრდილოეთ ნავის ფასადის უმეტესი ნაწილი ყრუა. დასავლეთ ნაწილში ერთ ვერტიკალზე მოთავსებულია I დაII სართულების კარები. I სართულის კარი სწორკუთხაა, მიწის დონიდან დაახლ. 0.7 მ-ის სიმაღლეზეა და ქვის მთლიანი ფილითაა გადახურული. ზემოთა კარს მხოლოდ დასავლეთ წირთხლის ნაწილიღა შემორჩა. შუა ეკლესიის ჩრდილოეთ კედლიდან შემორჩენილია აღმოსავლეთ და დასავლეთ განაპირა ნაწილები. აღმოსავლეთ ნაწილში ლავგარდანია, რომელიც რიყის ქვის უწყვეტ, გამოშვერილ რიგს წარმოადგენს. ბაზილიკის სამხრეთ ფასადი ნაგებობის მთავარ ფასადს წარმოადგენდა, იგი ორსაფეხურიან მოცულობადაა გადაწყვეტილი. სამ მალიანი თაღედით გახსნილი სამხრეთ ეკლესია და მის ზემოთ აღმართული მთავარი ეკლესია, რომლისგანაც შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ ნაწილი – პატრონიკეს კედელი პატარა სწორკუთხა სარკმლით. ფასადებიდან ყველაზე კარგად დასავლეთისა შემორჩა. მთავარი ნავის კედლის ცენტრის ზემოთ პატარა სწორკუთხა სარკმელია, რომელიც ბრტყელი რიყის ქვითაა გადახურული. 

1974 - 1976 წლებში ეკლესიას ჩაუტარდა სარესტავრაციო - საკონსერვაციო სამუშაოები. ეკლესია გაიწმინდა მიწაყრილისაგან, რომელიც 2 მ-ზე მეტ სიმაღლეზე ფარავდა ფასადებს. აღდგა კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ნაწილს კი ჩაუტარდა კონსერვაცია. სამხრეთ ეკლესია და პატრონიკე გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. 

ეკლესიას 2011 წელს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები და სრულად აღდგა ჩამონგრეული სახურავი და კამარები. საიტზე მოგვიანებით განთავსდება აღდგენილი ტაძრის ფოტომასალაც.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ
ფოტოები: ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის