აგარის მონასტერი


galerea



aRwera

ურავლის ხეობა გამორჩეულია არა მარტო მესხეთში, არამედ მთელ საქართველოში. ის ბუნებრივი რესურსების გარდა, მდიდარია ხუროთმოძღვრული ძეგლებით. აქ უამრავი ნასოფლარი და ნაეკლესიარია. ხეობის მთავარ სასულიერო ცენტრს აგარის მონასტერი წარმოადგენს. კომპლექსში შედის სხვადასხვა ქრონოლოგიურ პერიოდში აგებული განსხვავებული დანიშნულების ნაგებობები, მათი სიმრავლე იმაზე მეტყველებს, რომ აქ მნიშვნელოვანი სამონასტრო ცენტრი იყო.

მონასტერი მდებარეობს ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ურავლის სამხრეთ-დასავლეთით 5 კმ-ში. გაშენებულია მდინარე ურავლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე. დასავლეთით მოედინება მცირე ხევი, რომელიც იშხნის სახელით არის ცნობილი, ეს პატარა მდინარე ერუშეთის მთებიდან მოედინება, მონასტრის სიახლოვეს ულამაზეს ჩანჩქერად ეშვება და მარჯვნიდან უერთდება მდინარე ურაველს. ამრიგად, აგარის მონასტერი წარმოადგენს ძეგლის და ბუნების ჰარმონიული შერწყმის საუკეთესო მაგალითს.

მონასტრის მთავარი ნაგებობა დიდი ერთნავიანი ეკლესიაა, მისგან დასავლეთით მდებარეობს სამეკლესიანი ბაზილიკა, მის ჩრდილოეთ ნაწილში ჩართული პატარა დარბაზული ეკლესია კომპლექსში უძველესია (ის უძველესი უნდა იყოს ისტორიულ სამცხეში დღემდე აღმოჩენილ ეკლესიათა შორის ). მთავარი ტაძრის სამხრეთით არის სატრაპეზო, სამრეკლო და კიდევ ერთი დარბაზული ეკლესია. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთითაა კრიპტასამარხზე დაშენებული უსარკმელო ეკლესია (დაზიანებულია), რომლიც ჯერ-ჯერობით უანალოგოა. ჩრდილოეთით კიდევ ერთი დარბაზული ეკლესიაა. გარდა ამისა, არის რამდენიმე სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა. იქვე იშხნის ხევში მიუდგომელ ადგილას ორ იარუსად გამოკვეთილი სენაკებია. მონასტრისგან მოშორებით არის კიდევ ერთი ეკლესიის ფრაგმანტი.

მთავარი დარბაზული ეკლესია  (15.8 X 8.7 მ) ყველაზე დიდი ერთნავიანი ტაძარია საქართველოში. სამხრეთიდან მთელ სიგრძეზე ეკვდერი იყო მიშენებული, მსგავსი მინაშენი დასავლეთიდანაც ჰქონია. ეკლესიას სამი შესასვლელი ჰქონდა. მთავარი სამხრეთიდან, ერთი კარი დასავლეთიდან, ხოლო ჩრდილოეთის კარები სავარაუდოდ XI ს-ში ამოაშენეს. ინტერიერი ოთხი სარკმლით ნათდება - თითო აღმოსავლეთ და დასავლეთ კედელშია გაჭრილი, ხოლო ორი სამხრეთით. საკურთხევლის სარკმლის ქვემოთ ნახევარწრიული გეგმის თაღოვანი ნიშია, მის ორსავე მხარეს ასევე ნახევარწრიული მაღალი ოთხ-ოთხი ნიშია ამოყვანილი, მათში ნალესობის კვალი და მხატვრობის ფრაგმენტებია შემორჩენილი. კონქებში წმინდანები იყო გამოსახული. მთავარი ტაძრის შიდა სივრცე ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ნიშნით გამოირჩევა - აზიდული პროპორციები, კარგად გათლილი ქვით ამოყვანილი სამსაფეხურიანი პილასტრები და საბჯენი თაღები, ფართოდ გაშლილი ნახევარწრიული ნიშებით გაფორმებული აფსიდი ეფექტურ სივრცეს ქმნის.

გარედან ყველაზე საინტერესო სურათი აღმოსავლეთ ფასადზეა, ის კლდის მასივზეა ამოყვანილი და პროპორციები დასავლეთის ფასადთან შედარებით დაბალია. ფასადის მსგავსი პროპორციები უჩვეულოა „გარდამავალი ხანის“ ქართული ხუროთმოძღვრებისთვის. აღმოსავლეთ ფასადის კიდეებში გაკეთებულია კონქით დასრულებული ნიშები. ერთნავიანი ეკლესიები აღმოსავლეთ ფასადზე ნიშებით ბევრი არ არის (მაგ, ყვარშა, ხახულის მცირე ეკლესია, წეროვანი, გუდარეხი). საკურთხევლის სარკმელი დასრულებულია ქტიტორული რელიეფიანი თავსართით. აქ ეკლესიის მაშენებელი ეკლესიის მოდელს მიართმევს ტახტზე მჯდომარე მაცხოვარს, რომელიც მარჯვენით აკურთხებს ტაძარს. რელიეფის მარცხნივ თერთმეტსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა: სახ(ე)ლითა ღ(მრთისა)თა მე თ(ევდორ)ე აღვაშენე ესე სტოა ს(ა)ლ(ო)ცვ(ე)ლ(ა)დ  ამის ადგ(ი)ლისა უ(ფალს)ა თ(ევ)დ(ორესა) თ ს ღ(მერთმა)ნ აკ(ურთ)ხ(ე)ნ და ყ(ოველ)ნი შვილნი ამის ეკლესი(ისანი) შ(ეიწყალე)ნ.

ტაძრის ჩრდილოეთ კედელი ყრუა, დასავლეთის ფასადის ზედა ნაწილი გვიან გადააწყვეს (სავარაუდოდ XIV-XV სს-ში). აქ სარკმლის ზემოთ ფრონტონის არეში ჩასმულია ბოლოებგაფართოებული ჯვარი, რომელიც გადაკეთების დროინდელია. ფასადის ქვედა ნაწილი თავდაპირველია კარის ძველ ტიმპანზე აყვავებული ჯვარია ამოკვეთილი. ჯვრის მკლავებს შორის წარწერა იყო, რომელიც საგანგებოდაა ამომტვრეული. ეს წარწერა 1913 წელს წაიკითხა სოსო ასლანიშვილმა: „ჯვარო ქრისტესო შეიწყალე მონა შენი მიქაელ“. ამ წარწერას ასევე კითხულობს გიორგი ბოჭორიძეც 1932 წელს. როგორც ჩანს ის მოგვიანებით დააზიანეს. ძეგლზე შემორჩენილი წარწერები ან წარწერის ფრაგმენტები სხვადასხვა ხელითაა შესრულებული, თუმცა პალეოგრაფიული ნიშნებით ყველა X საუკუნისაა. X საუკუნის ნახევარით უნდა დათარიღდეს თავად ტაძარიც.

როგორც აღვნიშნეთ, მონასტრის უძველესი ნაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკაა, მას თავდაპირველად დასავლეთიდან და სამხრეთიდან გარშემოსავლელი მიაშენეს (ამ მინაშენის მხოლოდ ჩრდილოეთისა და დასავლეთის კედლებია გადარჩენილი). სამეკლესიან ბაზილიკაში ჩართული ნაგებობა მცირე ზომისაა (6.3 X 4.2 მ) და უბრალო სამლოცველოა, აქვს ძალიან სქელი კედლები (1 მეტრი), რის გამოც მისი სიმცირე შიგნით უფრო იგრძნობა. ნაგებია მომწვანო-მონაცრისფრო ქვიშაქვით, ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხევლის სარკმელი ქვემოთ განიერდება და ტრაპეციის ფორმისაა, აფსიდის თაღი და დასავლეთ კედელზე მიბჯენილი თაღი ნალისებური მოყვანილობისაა. სამხრეთის ფასადს სწორკუთხა თაროსებრი კარნიზი ასრულებდა (მოგვიანებით სამხრეთიდან ეკლესიის აგებისას, ამ კედლის ამაღლებაც გამხდარა საჭირო). აღმოსავლეთ ფასადი ნახევრად მიწაშია ჩამჯდარი. ფასადს ასრულებდა „გადანაკეციანი“ კარნიზი. საკურთხევლის სარკმელი  ერთ ქვაში გამოჭრილი ჰორიზონტალურკიდეებიანი თავსართით მთავრდება. ყველა ეს ნიშანი ადრე შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრებისთვისაა დამახასიათებელი. შესაბამისად, სამლოცველო VI-VII სს. შეიძლება დათარიღდეს. როგორც ეტყობა, გარდამავალ ხანაში, შესაძლოა დიდი ეკლესიის აგებისას, დარბაზული ეკლესიაც აღადგინეს, ამ დროს ეკლესიას დაემატა სამხრეთიდან და დასავლეთიდან გარშემოსავლელი. მშენებლობის შემდგომი პერიოდი სამხრეთიდან საკმაოდ განიერი ეკლესიის მიშენებაა, რომელიც იმდენად არის დაზიანებული, რომ მასზე მსჯელობა შეუძლებელია.

მთავარი ტაძრის სამხრეთით მდებარეობს სატრაპეზო (18 X 12.3 მ). ნაგებია მოწითალო ფერის ტუფით. შენობაში ორი პარალელური დარბაზია, ერთი დიდი ზომის სატრაპეზოა, მეორე შედარებით ვიწრო და მოკლეა (სავარაუდოდ მარანი, ვინაიდან იქვე რამდენიმე ქვევრის ფრაგმენტია დაცული. აქვე იქნებოდა სამზარეულო). სატრაპეზო შიგნიდანაც ტუფის ქვითაა მოპირკეთებული. გრძივი კედლები პილასტრებზე დაყრდნობილი ხუთი თაღითაა დანაწევრებული. ორნამენტებით შემკული კაპიტელები მარტივი ფორმისაა. ინტერიერი ხუთი სარკმლით ნათდება - სამი სარკმელი დასავლეთ გრძივ კედელზეა, ხოლო შედარებით მაღალი თითო სარკმელი მოკლე ფასადებს ამკობს. სატრაპეზოს მთავარი დარბაზი მარანს სწორკუთხა კარით უკავშირდება, რომელიც ნახევარწრიული კამარით არის გადახურული.  სატრაპეზოს შესასვლელი კარის ზემოთ მაღალ სარკმელს ლილვებით შემოზღუდული სადა საპირე შემოუყვება, სარკმლის გარშემო არის სიმეტრიულად განლაგებული სამი ბურთულა.

სატრაპეზოს შესასვლელის ტიმპანზე ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი: ქს(ა)ხ(ე)ლ(ი)თა ღ(მრთისა)თა და მ(ეო)ხ(ე)ბ(ი)თა წ(მიდ)ისა ი(ოვა)ნე ნ(ა)თ(ლი)სმცემლ(ი)ს(ა)თა ე(რისთავთ) (რისთავ)თა ბეშქენ და მ(უ)რვ(ა)ნის მლოცველმ(ა)ნ მე ეფრემ ჰელვყ(ა)ვ შენებ(ა)დ ტრ(ა)პ(ე)ზსა ამ(ა)ს და გამიკვეთეს აღაპი ს(აუ)კ(უ)ნ(ო) ს(ამე)ბობ(ა) და ვინცა შემიც(ა)ლოს კრ(უ)ლმცა არს ღ(მრთისა პირთა. წარწერაში ნახსენები ერისთავთ-ერისთავი ბეშქეინ და მურვანი ჯაყელების წარმომადგენლები იყვნენ და XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე მოღვაწეობდნენ. შესაბამისად, სატრაპეზოც ამავე პერიოდში აიგო, თუმცა ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ უფრო გვიან XIII-XIV საუკუნეებში მნიშვნელოვნად შეაკეთეს. ინტერიერში გრძივ კედლებზე თაღედი და შეისრული გადახურვა გადაკეთების ან აღდგენის დროინდელია. ინტერიერში თავდაპირველია მხოლოდ თაღების მიღმა გრძივი კედლები და მიკლე კედლების ქვედა ნაწილები. გრძივ კედლებზე, იქ სადაც პილასტრებია ამოვარდნილი, თავდაპირველი წყობა მთლიანად გადარჩა და როგროც ეტყობა თაღედი შემდეგაა მასზე „მიდგმული“. გადაწყობა ფასადზეც შეიმჩნევა, ჩრდილო-აღმოსავლეთის ფასადზე სარკმელი და ფრონტონის არეში სამი ბურთულა ამ გადაწყობის დროინდელია.

მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით რამდენიმე მეტრში კრიპტასამარხზე აღმართულია დარბაზული ეკლესია. კრიპტასამარხი ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სწორკუთხა სათავსოა. კრიპტები ცილინდრული კამარით იყო გადახურული. მათ თითო სწორკუთხა ღიობი აქვთ დასავლეთიდან. კრიპტა თაროსებრი კარნიზით არის დასრულებული, მის მოსწორებულ ბანზე კი დარბაზული ეკლესიაა აგებული (3.35 X 6.49 მ). ამ ზომის ნაგებობისთვის, ორი ზომაზე განიერი შესასვლელია. დასავლეთის კარის ღიობის სიგანე 1,62 მეტრია, სამხრეთისა 1,7 მეტრი. აფსიდის საკურთხეველი უსარკმელოა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა. როდის აიგო კრიპტები და დარბაზული ეკლესია რთული სათქმელია, თლილი ქვის ჰორიზონტალურ რიგებად წყობა XII საუკუნის შემდეგ აღარ გვხვდება, შესაბამისად ეკლესიის აგების თარიღი მთავარი ტაძრის აგების შემდეგ (X ს-ის შუა წლები) და XII საუკუნის დასაწყისით უნდა განისაზღვროს. რაც შეეხება მის ფუნქციას, ის შესაძლოა იყო გარდაცვლილთა დროებითი დასასვენებელი, ან ბერების განმარტოების და დიდი ხნით ლოცვის ადგილი. მსგავსი უსარკმელო ეკლესიის არსებობა სხვა მონასტრებში დღემდე არ არის დადასტურებული.

სამრეკლო მთავარი ტაძრის სამხრეთით 5 მეტრშია აგებული. შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული - ერთნავიანი ეკლესია-სამლოცველო, ხოლო დანგრეული ფანჩატურის ქვების უმეტესობა იქვეა შემონახული. სამრეკლოს გარე წყობა კარგად გათლილი ქვით არის ამოყვანილი. მომწვანო, მოწითალო და ღია ფერის ქვები სასიამოვნო კოლორიტს იძლევა, რომელიც აქა-იქ ჩასმული ღვინისფერი ტუფით არის გაცოცხლებული. პირველ სართულზე - სამლოცველოში, ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. საკურთხევლის სარკმლის გარდა ინტერიერი ნათდება დასავლეთის და სამხრეთის კედელში გაჭრილი სარკმელით. შენობის ძირითადი მოცულობა კუბია, რომელსაც აღმოსავლეთიდან ხუთწახნაგა შვერილი აფსიდი ეკვრის. ჩრდილოეთის ფასადის შუა ნაწილი დიდ თაღს უკავია, რომელიც მეორე სართულზე კვადრატული მოედნის შესაქმნელად გააკეთეს (მოედნის ზომებია 5.3 X 5.3 მ). სამრეკლო აგებული უნდა იყოს XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. აგარის მონასტრის სამრეკლო დღეისათვის შემორჩენილი ყველაზე ძველი აფსიდიანი სამრეკლოა, ხოლო სამრეკლოთა შორის ერთადერთია, რომელსაც შვერილი აფსიდი აქვს.

დარბაზული ეკლესიაა აგებული მთავარი ტაძრის ჩრდილოეთით (6.1 X 4.0 მ). შესასვლელი დასავლეთიდანაა, გარედან არქიტრავით, ხოლო შიგნიდან ნახევარწრიული თაღით. ეკლესია სამი სარკმლით ნათდება. დარბაზული ეკლესია მთავარი ტაძრის შემდეგაა აგებული და XI საუკუნის პირველ ნახევარს მიეკუთვნება.

მცირე ეკლესიაა მთავარი ტაძრის სამხრეთითაც (6.1 X 3.9 მ). აქაც შესასვლელი დასავლეთიდანაა. ეკლესიის აფსიდი, ცილინდრული კამარა, საბჯენი თაღი და დაკიდული პილასტრები თლილი ქვით არის ამოყვანილი. ტაძარი სამი სარკმელით ნათდება. ეკლესია XI-XII საუკუნეებს განეკუთვნება.

ამრიგად, აგარა მრავალმხრივ საინტერესო სამონასტრო კომპლექსია. X საუკუნის მთავარი ტაძარი ყველაზე დიდი ერთნავიანი ბაზილიკაა საქართველოში, სამეკლესიან ბაზილიკაში ჩართული სამლოცველო, ყველაზე ძველია ისტორიულ სამცხეში, საქართველოში ერთ-ერთი უდიდესია სატრაპეზო, თავისი ტიპის ნაგებობებში, გამორჩეულია სამრეკლო - ის ერთადერთია, რომელსაც შვერილი აფსიდი აქვს. რაც შეეხება, უანალოგო, უსარკმელო ეკლესიას, მისი ფუნქციის ბოლომდე გამორკვევა საინტერესო იქნება ქართული ხუროთმოძღვრებისთვის.

წლების განმავლობაში ეს უნიკალური მონასტერი უყურადღებოდ იყო მიტოვებული, თუმცა ბოლო წლებში დაიწყო მონასტრის აღდგენა. დღეს აქ მოქმედებს მამათა მონასტერი. კეთილმოეწყო სოფელ ურავლიდან მონასტრამდე მიმავალი საავტომობილო გზა. აქ მოსულ ადამიანს დახვდება ქართული ხუროთმოძღვრების გამორჩეული ძეგლები და ულამაზესი ბუნება.

 

ინფორმაცია მოამზადა არჩილ მაისურაძემ;
ფოტოები: არჩილ მაისურაძის და ლელა მარგიანის;