შიოს მარანი


galerea



aRwera

წმინდა შიოს მონასტერი, ე.წ. „შიოს მარანი“, ხელოვნების ძეგლი დგას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ზემოთ (სამხრეთ-დასავლეთით), ოთხიოდე კმ-ზე, მდ. თურდოს მარცხენა მაღალ ნაპირზე. ნასოფლარ არტოზანის ტერიტორიაზე, ფლატის პირას. მონასტრის ნაგებობებიდან, მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე. მხოლოდ წმ. შიოს სახელობის ეკლესიაა მოღწეული. დანარჩენები კი დანგრეულია: ზოგის ნანგრევებია შემორჩენილი, ზოგის კი მხოლოდ კვალი იკითხება. მონასტრის მთავარი ნაგებობა წმ შიოს ეკლესიაა. თარიღდება XII საუკუნის II ნახევრით. იგი დარბაზული ტიპისაა, ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით აღმოსავლეთით. აფსიდი გარედან ხუთწახნაგა აბრისშია ჩაწერილი და ეკლესიის ძირითადი კორპუსიდან მოკლე მხრებით გამოიყოფა. ეკლესიის გარეთა ზომებია: სიგრძე – 16,5 მ, სიგანე – 10.6 მ ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანნ თანადროული, თითქმის კვადრატული გეგმის მინაშენები ეკვრის. სამხრეთ მინაშენი – სამ მხარეს თაღებით გახსნილი კარიბჭე – ფასადის შუა ნაწილზეა მიდგმული; ჩრდილოეთისა კი – აღმოსავლეთ კიდეში. იგი ეკლესიის ძირითად კორპუსთან წყობითაა დაკავშირებული. ეკლესიას, დასავლეთიდან, მოგვიანებით აგებული, სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით წაგრძელებული ნაგებობა ეკვრის, რომელიც დასავლეთის კედელს მთელ სიგრძეზე გაუყვება. მომდევნო ხანებში, ამ უკანასკნელზე დასავლეთიდან მიუშენებიათ იგივე სიგრძისა და დაახლოებით იმავე სიმაღლის ნაგებობა, რომლის შუა ნაწილზე სამრეკლოა დადგმული.

ეკლესია თითქმის მთლიანად, კვადრატული აგურითაა ნაგები. შიგნითა კედლების წყობაში, გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ლოდებიც. აგურითაა ნაგები სამხრეთ და ჩრდილოეთ მინაშენებიც. დასავლეთის მინაშენი და მასზე მიშენებული ნაგებობაც რიყის ქვისაა.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე ნახევარწრიულთაღიანია და გარედან საფეხურით შეღრმავებულ არეშია ჩასმული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც დარბაზისგან ორი პილასტრითა და მათზე დაყრდნობილი, საბჯენი თაღით არის გამოყოფილი. პილასტრებს შორის გვიანდელი, რიყის ქვით აგებული კანკელის ნაწილია შემორჩენილი (მაქს. სიმ. 1 მ). აფსიდში გაჭრილია სამი განიერი, მაღალი, თაღოვანი სარკმელი. შუა სარკმელი ოდნავ მოზრდილია, ნახევარწრიულთაღიანი. დანარჩენები ოდნავ შეისრულთაღიანია. ოდნავ შეისრულია სატრიუმფო თაღიც. აფსიდს, მთელ სიგრძეზე, ორსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი გასდევს.

ეკლესიის გრძივ კედლებზე ორი, წყვილი პილასტრია, რომლებზეც კამარის საბჯენი თაღებია გადაყვანილი. მათგან აღმოსავლეთ წყვილი შეკიდულია. თითო პილასტრი დასავლეთის კუთხეებშიცაა-მათ კედლის მიმდებარე თაღი ეყრდნობა.

საკურთხეველში, დასავლეთ კედელზე, აქა-იქ, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე შემორჩენილია XII საუკუნის ბოლოთი დათარიღებული მხატვრობის ფრაგმენტები. პირველ რეგისტრში, საკურთხეველში, კონქის კომპოზიციიდან, ფრონტალურად მოცემული მთავარანგელოზთა გამოსახულებებისგან მხოლოდ ტერფებია დარჩენილი. მეორე რეგისტრში, აფსიდის კედელს; თორმეტი მოციქულის წელსზედა ფიგურებია მედალიონებში. ჩრდილოეთ კიდეში კი, პილასტრთან ახლოს, ადგილის სიმცირის გამო, მედალიონი, „ჩამოჭრილია”, ხოლო მოციქული, სხვებისგან განსხვავებით, ცენტრისკენ 3/4-ითაა შებრუნებული (მსგავსადაა გამოსახული მოციქული სამხრეთ კიდეშიც). მესამე რეგისტრში ეკლესიის მამათა ფრონტალური ფიგურებია (სულ ათი), რომელთაც სამხრეთის და ჩრდილოეთის მხრიდან თითო დიაკვანი უდგას. ეკლესიის მამებს ერთ ხელში წიგნი უჭირავთ, მარჯვნივ ხელი – კურთხევის ჟესტით – მკერდის წინ აქვთ აღმართული. ხელები მხოლოდ ორ შემთხვევაშია დაფარული ტანსაცმლით, მთელი ტანით წარმოდგენილი თითო წმინდანი გამოსახულია სარკმლების წირთხლებზე. ერთ მათგანს (ცენტრალური სარკმლის სამხრეთ წირთხლზე) ქართული, ასომთავრულწარწერიანი, გაშლილი გრაგნილი უჭირავს. მღვდელმსახურების დასაჯდომის ზედა საფეხურის თავზე, საკმაოდ მაღლა, მხატვრობას ასრულებს გეომეტრიული ორნამენტის ზოლი. მცენარეული ორნამენტის (რომბებში ჩაწერილი ყვავილები) ნაშთები გაირჩევა საკურთხევლის მიმდებარე პილასტრებზე.

სამ რეგისტრად უნდა ყოფილიყო დანაწილებული დარბაზის მხატვრობაც. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტებია შემონახული. მათი ადგილმდებარეობა შემდეგნაირია: სამხრეთ კედელი, აღმოსავლეთით – მეორე და მესამე რეგისტრი: სამხრეთ კედელი, კარის ზევით – მეორე რეგისტრი; სამხრეთ კედელი, დასავლეთით – მესამე რეგისტრი: ჩრდილოეთ კედელი, აღმოსავლეთით – მეორე რეგისტრი, დასავლეთით – მესამე რეგისტრი. ამ ფრაგმენტებზე, მეტწილად, ჩანს წმინდანების წელსქვევით შემონახული, ფრონტალური ფიგურები. ასევე შემორჩა სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში, მესამე რეგისტრში, ცის სეგმენტიდან გადმოწეული, პატარა ფიგურა (ქრისტე?), რომელიც აკურთხებს მისკენ მიმართულ, დიდი ზომის გამოსახულებებს. გაირჩევა წინა ფიგურის, სევდიანი გამომეტყველების მქონე სახე – გრძელი წარბებით, თხელი, ოდნავ კეხიანი ცხვირით, დანაოჭებული შუბლით და მოგრძო თვალით.

სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ შეკიდულ პილასტრზე, ასევე ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ პილასტრის ქვედა ნაწილში გაირჩევა. ცალკე მდგომი წმინდანების კვალი.

მხატვრობა შედარებით სრულადაა შემონახული დასავლეთ კედელზე. პირველ რეგისტრში, ზემოთ, ჯვარცმაა. მეორე რეგისტრში სამი სცენაა გამოსახული, სადაც მთავარანგელოზი მიქაელია. კედლის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოდგენილია მთავარანგელოზ მიქაელის „სასწაული ხონას“ (ამ სცენის ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი ნიმუში საქართველოში). ცენტრში – ისუ ნავე, სამხრეთ ნაწილში (მ. ყენიას ცნობით) კი – მთავარანგელოზ მიქაელის გამოცხადება ბალაამის წინაშე.

ქვედა რეგისტრში მთელი ტანით გამოსახული, ხუთი ფიგურაა. ცენტრში, კარის თავზე, ქრისტეა წელზევით წარმოდგენილი. მარჯვნივ ხელში (დაახლოებით მხარის დონეზე) მას ყვითელი ფერის წიგნი(?) უჭირავს. მარცხენა ხელი ქვემოთ აქვს დაშვებული. ჩანს მისი გაშლილი მტევანი. კარის ორივე მხარეს ორ-ორი ფიგურაა. კარის სიახლოვეს საერო პირებია განლაგებული, მოშორებით კი – წმინდანები. სამხრეთით მდებარე წმინდანის გამოსახულება ძალიან დაზიანებუ ლია, მეორე – შედარებით კარგად არის შემონახული, მაგრამ წარწერის გარეშე. მისი ვინაობის დადგენა არ ხერხდება.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კართან ახლოს გამოსახული საერო პირები. ორივე გამოსახულება კედლის ცენტრისაკენ 3/4ით არის შებრუნებული. ხელები, ქრისტეს მიმართულებით, ვედრების ჟესტით აქვთ გაწვდილი. ორივე გვირგვინოსანია. ერთი მათგანი (კარის სამხრეთით მდებარე) მამაკაცია. მეორე ძნელად გაირჩევა. მას გრძელი სამოსი აცვია და, სილუეტის მიხედვით, ქალი უნდა იყოს (მეუღლე). ჩანს მისი ყვითელი მოსასხამი და შიდა, წითელი სამოსი. არსებობს მოსაზრება (გ. ლეჟავა), რომლის თანახმად, ეს პირიც მამაკაცია. მათ შორის ერთი დავით ულუდ, ხოლო მეორე დავით ნარინადაა მიჩნეული. შესაბამისად, მხატვრობის თარიღიც 1247-1259 წწ-ით არის განსაზღვრული.

დარბაზის მხატვრობას ასრულებს ორნამენტის ფართო ზოლი, რომლის ფრაგმენტები სამივე კედელზეა შემორჩენილი. ამჟამად, მისი მოტივი აღარ გაირჩევა, მაგრამ, როგორც ჩანს, საკურთხევლის მსგავსად, აქაც გეომეტრიული (კიბისებრი) ორნამენტი იყო გამოყენებული. კედლის დანარჩენი, მონაცისფრო-თეთრი მონაკვეთი (სიმ. დაახლოებით 2 მ) იატაკამდე შემკული არ არის. კიბისებრი ორნამენტის ფრაგმენტები შემონახულია სამხრეთ კედლის შეკიდული პილასტრის აღმოსავლეთ გვერდზე და დასავლეთ კარის თაღის სოფიტზე.

მხატვრობაში ფართოდ არის გამოყენებული მცენარეული ორნამენტი. საკურთხევლის პილასტრების გარდა, იგი შემორჩენილია სამხრეთ და დასავლეთ კედლების სარკმლების წირთხლებზე. მცენარეული ორნამენტითაა შემკული აგრეთვე დასავლეთ კარის ტიმპანი (ნალესობის საკმაოდ დიდი ნაწილი ჩამოცვენილია).

ეკლესიის მოხატულობა, შესრულების მაღალი ოსტატობის მიხედვით, თავისი დროის ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლია. მხატვრობის კომპოზიციური აგება მონუმ. ხასიათისაა. მაღალი რეგისტრების განლაგება შეთანხმებულია კედლების დანაწევრებასთან. სცენებში ხაზგასმულია წმინდანების ფიგურები. ფონები არ არის დატვირთული. ლაკონურადაა გადმოცემული არქიტექტურა. ფიგურების მოძრაობა მშვიდია, თავდაჭერილი, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, იგრძნობა დინამიურობაც (წმინდანების სამოსის ნაკეცები საკურთხევლის სარკმლების წირთხლებზე) მოქნილი ხაზებით შესრულებული ნაკეცები მოწმობს გრაფიკული საწყისის უპირატესობას (წმინდანი, საკურთხევლის ცენტრალური სარკმლის წირთხლზე). ფერადოვანი ზედაპირის დამუშავება ნათელ კოლორიტს ქმნის. მოწითალო-აგურისფერი, ოქროსფერი ოქრა, ლაჟვარდოვანი ცისფერი, წითელი, მწვანე და თეთრი ფერები. კომპოზიცია, რომელსაც ქმნის ცერტრალურ ღერძზე გამოსახული ქრისტე და მის ორივე მხარეს სიმეტრიულად განლაგებული, ორი, ისტორიული პირი, აგების თვალსაზრისით, არ არის დამახასიათებელი ქართული ხელოვნებისათვის (იხ. გ. ალიბეგაშვილი). საქართველოში ასეთ კომპოზიციებს ვხვდებით მხოლოდ XVI-XVII სს-ში, მაგრამ ისინი თავისი ეპოქის ძეგლებია და სტილისტურად მკვეთრად განსხვავდება რუისპირის კომპოზიციისაგან (სტატიკური, „გაშეშებული” პოზები, ფრონტალურ სხეულებთან დაპირისპირებული, გვერდზე გაწვდილი ხელები და სხვ.)

ამგვარად, რუისპირის წმ. შიოს ეკლესიაში შემონახული ისტორიული პირების პორტრეტები, თავისი მკაცრად ცენტრირებული კომპოზიციით, ქართული ხელოვნებისათვის, დღესდღეობით, უნიკალურია პოსტბიზანტიურ ეპოქამდე.

ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის შუაში მოწყობილია ჩრდილოეთ მინაშენში გასასვლელი, თარაზულად გადახურული კარი. კარის გადამხურავი ქვის თავზე ნახევარწრიული ფორმის, განმტვირთავი თაღია, რომლის არე აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობითაა შევსებული. მინაშენის მხრიდან კარი შეისრულთაღოვანია. მინაშენი უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით, რომლის გვერდითი კედლები, დარბაზის შესაბამისი კედლებიდან, მოკლე მხრებითაა გამოყოფილი და დამოუკიდებელი, შეისრული ფორმის კამარა ხურავს. მსგავსი ფორმის კამარითაა გადახურული დარბაზიც, რომელიც ოდნავ განივი ღერძის მიმართულებითაა დაგრძელებული. აღმოსავლეთ კედლის შუაში თაღოვანი სარკმელია (აღდგენილია). სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ოთხკუთხა ტრაპეზია მიდგმული. ერთი, თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშიცაა. საკურთხევლის სამხრეთ კედელში მოწყობილია საკმაოდ ღრმა, შეისრულთაღოვანი ნიშა. მოპირდაპირე, ჩრდილოეთ კედელში კი ბევრად უფრო მცირე, სწორკუთხა ნიშაა.

სამხრეთ კარიბჭე, სამივე მხარეს, თითო განიერი, ნახევარწრიულთაღიანი ღიობითაა გახსნილი. მათ შორის აღმოსავლეთისა და დასავლეთის თანაბარი ზომისაა, სამხრეთისა კი შედარებით უფრო ფართოა და მაღალი. გარედან სამივე ღიობი ორსაფეხურიანია. შიგნით კარიბჭე გადახურული იყო დადაბლებული პროპორციების მქონე, გუმბათოვანი კამარით, რომლის წრიული საფუძველი ოთხივე კუთხეში განლაგებული, ორსაფეხურიანი აფრებით იყო შექმნილი. (ეკლესიის სამხრეთ კედელზე შემორჩენილი იყო კარიბჭის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეებში მოწყობილი, ორივე აფრისა და გუმბათოვანი კამარის ქუსლის წყობის ნაშთი და სახურავის ორივე კალთის კონტური).

დასავლეთ მინაშენი ორი, წყვილი პილასტრით და მათზე გადაყვანილი, შეისრული ფორმის, საბჯენი თაღებით სამ ნაწილად იყოფა. მათ შორის შუა, გვერდითებზე უფრო განიერი და მაღალია. მინაშენი განათებულია სამი სარკმლით, რომლებიც სამივე ნაწილის დასავლეთ კედელშია გაჭრილი. შუა ნაწილი გადახურული იყო ცილინდრული კამარით, გვერდითები კი – დამრეცი კამარით. შუა ნაწილის დასავლეთ კედელში განიერი კარია, რომლითაც მინაშენი მასზე დასავლეთიდან მიშენებულ ნაგებობას უკავშირდება, რომელიც, მინაშენის მსგავსად, ერთმანეთ თან ფართო თაღებით დაკავშირებული, სამი ნაწილისგან შედგება. აქაც შუა ნაწილი, გვერდით ნაწილებთან შედარებით, ოდნავ განიერია, მაგრამ სამივე თანაბარი სიმაღლისაა. ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ნაგებობის შუა ნაწილის თავზე დადგმულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით წაგრძელებული, ოთხკუთხა სამრეკლო, რომელიც ოთხივე მხარეს არათანაბარი ზომის, ნახევარწრიულთაღიანი ღიობებითააგახსნილი. მათგან ორ-ორი – სამხრეთით და ჩრდილოეითაა, თითო-თითო – შედარებით უფრო ფართო კი – აღმოსავლეთით და დასავლეთით. შენობის ფასადები სადაა. საკურთხევლის შვერილის თითოეულ წახნაგზე გამოყვანილია საფეხურით შეღრმავებული, ნახევარწრიულთაღოვანი არე, რომელთაგანაც სამში საკურთხევლის შესაბამისი სარკმელია მოთავსებული, ორში კი – წყობის შეღრმავებით გამოყვანილი, თითო ჯვარი. ერთი, ოღონდ რელიეფური ჯვარია გამოსახული დასავლეთ ფასადზე – სარკმლებს შორის. საკურთხევლის შვერილისა და ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის ქვებით ნაწყობი, მაღალი ლავგარდნით, რომლის პროფილს თაროსა და ლილვს შორის მოქცეული წრეთარგი შეადგენს.

ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან, ოთხიოდე მეტრის მანძილზე. დგას მცირე ზომის, შვერილაფსიდიანი სამლოცველო, რომლის სამხრეთ-დასავლეთ კუთხე ფერდობში შეჭრილი (შიგნითა ზომები აფსიდის ჩათვლით: სიგრ. – 4.2 8. სიგ. – 2,8 მ). ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილი კედლები მაქს. სიმ. 2,2 მ-ია. შენობა აგებულია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვით და კირის დუღაბით. შიგნითა კედლების წყობაში, ალაგ-ალაგ, ლოდები და აგურიცაა გამოყენებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს, კედლის დასავლეთ კიდეში. კარი შიგნიდან და გარედან თარაზულად ყოფილა გადახურული. აფსიდი ოდნავ გაბრტყელებული ნახევარწრის მოყვანილობისაა. აფსიდში დგას რიყის ქვით ნაგები, ოთხკუთხა ტრაპეზი, რომელიც კედელზეა მიყრდნობილი. დარბაზის სამივე კედელზე მოწყობილია მცირე ზომის, გეგმით ნახევარწრიული ნიშები – ორ-ორი სამხრეთ და დასავლეთ კედლებში, ხოლო ერთი – ჩრდილოეთ კედელში. ეს უკანასკნელი აგურით ნაწყობი კონქითაა გადახურული. მსგავსი გადახურვა ექნებოდა დანარჩენ ნიშებსაც.

ეკლესიის აღმოსავლეთით, ათიოდე მეტრის მანძილზე, შემორჩენილია რიყის ქვით ნაშენი, გაურკვეველი დანიშნულების, სწორკუთხა ნაგებობის კედლების ნაშთები (სიმ. – 0,8 მ), მის აღმოსავლეთით კი (დაახლოებით 7 #ის მანძილზე) მოზრდილი, ორსართულიანი, საცხოვრებელი ნაგებობის კედლები. ამ ნაგებობასთან ახლოს (აღმოსავლეთით) გაურკვეველი დანიშნულების (შესაძლოა სამეურნეო) ნაგებობის დასავლეთ კედლის ნაწილია შემორჩენილი (სიმ. დაახლოებით –  17მ), ორი, მცირე ზომის ნიშითა და ბუხრის ნაშთით. კიდევ ერთი შენობის ნაშთებია შემორჩენილი საცხოვრებელი ნაგებობის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ხევის პირას, რომლის იატაკშიც მოწყობილია კამაროვანი ხარო.

მონასტრის ტერიტორიის ამ მონაკვეთში სხვა ნაგებობების ნაშთებიც დასტურდება. რამდენიმე ნაგებობის კვალია შემორჩენილი ეკლესიის დასავლეთითაც.

1980-იან წლების მიწურულს სპეც. სამეცნ.-სარესტ. საწ. სახელოსნოს მიერ ძეგლზე ჩატარ-და სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები (რესტავრაციის პროექტის ავტორი რ. ცხადაძე, თანაავტორი ნ. კანდელაკი). აღდგა ეკლესიის კედლების დანგრეული ნაწილები და ლავგარდანი, მთლიანად აღდგა მინაშენები და სამრეკლო. ეკლესიის, სამრეკლო და მინაშენები გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. დაკონსერვდა ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხესთან მდგარი სამლოცველო და ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე საცხოვრებელი. ნაგებობა. რესტავრაციამდე ეკლესიის კედლებს შემორჩენილი ჰქონდა რიყის ქვით აღდგენილი ნაწილები, რომლებიც მოიხსნა და აგურით შეიცვალა.