რევაზაშენი


galerea



aRwera

რევაზაშენი – რევაზაშენის ეკლესია მდებარეობს ისტორიულ ზურტაკეტში, სოფელ მამულადან დაბლა, სათიბებისაკენ მიახლოებით 2-3 კილომეტრში. იგი დგას მინდორზე, ხეებით დაბურულ ადგილას, ამიტომ ძნელი მისაგნებია. დარბაზული ეკლესია ნაგებია უხეშად თლილი, დიდი ქვის კვადრებით. ეკლესიას დასავლეთიდან ვადგებით. კედელი ყრუა, აღმოსავლეთი აბსიდი სწორკუთხედშია ჩაწერილი. მასზე შუა ნაწილში ერთი სარკმელია გაჭრილი, რომელიც ინტერიერის მხრიდან ფართე, გაშლილ წირთხლებიანია. სივრცე ერთი წყვილი პილასტრით ორ ნაწილადაა გაყოფილი. აბსიდის მომრგვალება ასევე ფართეა. ეკლესიას შიგნიდან ემჩნევა ნალესობის კვალი. გადახურვა მთლიანად ჩამოქცეულია. სამხრეთის კედელთან, შიდა მხარეს, ამოსულია დიდი ხე, რომელიც კედელს ებჯინება. თაღოვანი მოჩარჩოების კარი გაჭრილია სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. კარის ღიობი პილასტრის აყოლებაზეა. კარის ბალავარის ქვა ჩამოვარდნილია და იქვე გდია. მასზე ასომთავრული წარწერაა. ყველა ნიშნით რევაზაშენის ეკლესია IX-X საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს. სამეცნიერო ლიტერატურაში რევაზაშენის დარბაზულ ეკლესია შესწავლილი არ ყოფილა. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევებშიც ლ. რჩეულიშვილი ახსენებს რევაზაშენის ეკლესიას, ოღონდ ის სამნავიანი ბაზილიკაა და დგას მდ. ხრამის კლდოვანი ხეობის პირას.

 

ინფორმაცია მოამზადა ვასილ ჭიჭაღუამ

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის