ზემო ხოდაშენის დედათა მონასტერი


galerea



aRwera

ზემო ხოდაშენის დედათა მონასტერი, არქიტექტორული კომპლექსი  მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7-8 კილომეტრში, გომბორის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ტყეში. კომპლექსში შედის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, სასახლე, სატრაპეზო, კოშკი-სამრეკლო, საცხოვრებელი ნაგებობები და მარანი. ყველა ნაგებობა სხვადასხვა დონეზეა განლაგებული და შემოვლებული აქვს არაწესიერი მოხაზულობის გალავანი.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დგას კონტრფორსებიანი საყრდენი კედლით (სიმაღლე 6 მეტრი) გამაგრებულ ტერასაზე. აგებულია XIII საუკუნის, II ნახევარში. ნაგებია რიყის ქვით, მოპირკეთებულია შირიმით. ეკლესია სამეკლესიიანი ბაზილიკაა(16X15).  შუა ეკლესია გვერდის ეკლესიებთან შედარებით ორნახევარჯერ უფრო ფართოა. აღმოსავლეთით, ფართო ნახევარწრიულ შვერილ აფსიდში, სამი თანაბარი სიმაღლის თაღოვანი სარკმელია, სარკმლებს. ქვემოთ, იატაკიდან 0,4-0,5 მ სიმაღლეზე – სამი ნიში. გვერდის ნიშები ბევრად უფრო პატარაა და გადახურულია ერთმანეთზე: კუთხით მიბჯენილი ორ-ორი ქვით. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრია. პილასტრების პირველ საფეხურზე გადაყვანილია კედლის თაღები, მეორე საფეხურს კი, კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობა. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, ჩრდილოეთისა და დასავლეთისაში – თითო-თითო. გვერდის ეკლესიებს შუა ეკლესია თითო შესასვლელით უკავშირდება. შუა ეკლესიას დასავლეთიდან, თითქმის მთელ სიგანეზე, სწორკუთხა კარიბჭე (6,8x4,2 მ) ეკვრის. კარიბჭე ეკლესიისათვს მოგვიანებით მიუშენებიათ. იგი ჩრდილოეთით და სამხრეთით დაბალი თაღებითაა გახსნილი. მთავარი შესასვლელი დასავლეთით კედელშია გაჭრილი. იგი გვერდის შესასვლელებზე ბევრად უფრო ფართოა.

მთავარის ეკლესიის აფსიდში კედლის მხატვრობის ნაშთებია შემორჩენილი, ამჟამად სრული სურათის აღდგენა შეუძლებელია თუმცა გამოირჩევა მხოლოდ რამდენიმე წმინდანის გამოსახულების არასრული კონტური. კედლის მხატვრობის ფრაგმენტები აგრეთვე შემორჩენილია დასავლეთის კედელზე, მთავარი შესასვლელის ორივე მხარეს.

ეკლესია გადახურული ყოფილა ლურჯი ფერის მოჭიქული კრამიტით, რომლის ნაშთები არაერთია მიმოფანტული კომპლექსის ტერიტორიაზე.

გვერდის ეკლესიებს აღმოსავლეთით შვერილი აფსიდები აქვთ. სამხრეთ ეკლესია ორი განივი კედლით გაყოფილია სამ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს შესასვლელებით უკავშირდებიან. აღმოსავლეთ ნაწილის აფსიდში და სამხრეთ კედელში თითო სარკმელია. დასავლეთით სათავსი კვადრატული კამაროვანი ოთახია, რომელსაც სამხრეთითა და დასავლეთით თითო სარკმელი აქვს.

ჩრდილოეთ ეკლესია კამარით გადახურული ვიწრო დერეფანია, რომლის აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია კონსოლებზე დაყრდნობილი კონქის თაღით. აფსიდსა და დასავლეთით კედელში თითო თაღოვანი სარკმელია.

ფასადებზე სარკმლების დეკორის სქემა და შესრულების ტექნიკა განსხვავებულია. აღმოსავლეთ სამ სარკმელს ლილვები აქვს შემოვლებული. დასავლეთით სარკმლის მოჩარჩოება გრეხილი და გლუვი ლილვების მონაცვლეობითაა შედგენილი. მოჩარჩოების თაღის ქუსლები და ქვედა კუთხეები კვადრატებითაა და ქვედა კვადრატებში ამოჭრილია როზეტები. სარკმლის გარშემო ორნამენტით შევსებული სამი რელიეფური გირჩია.

სასახლე ორსართულიანია, გეგმით სწორკუთხა (27,5*8 მ). დგას ეკლესიის დასავლეთი 10 მეტრზე. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთით კედელი. I სართულზე, კედლის შუა ნაწილში, შესასვლელი კარია, II სართულზე – ორი მოზრდილი სარკმელი.

სასახლის დასავლეთით სატრაპეზოს (23,5X7,5 მ) ნანგრევებია შემორჩენილი. ეს შენობა გალავანშია ჩართული და სამხრეთით მცირე მხრებით გამოყოფილი აფსიდური შვერილი აქვს.

სასახლის სამხრეთით დგას გეგმით კვადრატული ფორმის (8,7X8,7მ) სამსართულიანი კოშკი– სამრეკლო, რომლის ნაწილი გალავნის ფარგლებს გარეთაა გასული. ამ ნაწილში, 1 სართულზე, სამხრეთ-დასავლეთით კედელში, ფართო შესასვლელია (მონასტრის მთავარი შესასვლელი).

მონასტრის ეზოს (80X60 მეტრი) სამხრეთ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ-დასავლეთით ნაწილში საცხოვრებელი ნაგებობების ნანგრევებია.

ამჟამად მონასტრის ტერიტორია საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია, მთავარი ეკლესია ეკლესია რესტავრირებულია სავარაუდოდ 70-80 იან წლებში, თუმცა კვლავ ითხოვს დახმარებას და სამუშაოებს, ეკლესიის კედლები, სახურავი და მიმდებარე ტერიტორია გასაწმენდია ხემცენარეებისგან. სწორედ ამის გამო ნალექის დროს ეკლესიის კედლები და სახურავი დროულად ვერ შრება და მთავარი დარბაზში აშკარად შეინიშნება ტენიანობის მატება, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის არსებულ მხატვრობას, რომელიც გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოებს მოითხოვს.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

გამოყენებული ლიტერატურა: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის