კაწარეთის სამება


galerea



aRwera

        ხაშმი - სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 770 მეტრი საგარეჯოდან 14 კმ-ში.
         სოფ. ხაშმი შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით. XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე ხაშმის სამება ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია კაწარეთის სახელწოდებით.
         გადმოცემით კაწარეთის ეკლესია აშენებულია ვახტანგ გორგასლის მიერ. ილია ჯაში გვამცნობს ამ გადმოცემას: ვახტანგ გორგასალი თავისი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთიელთა წინააღმდეგ, გაჩერდა ღამის სათევად სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა სამება დგას. კეთილმორწმუნე მეფემ, მისი თანამძროლთა დასწრებით, მისცა ღმერთს დიდებული აღთქმა, თუ ვინიცობაა დაამარცხოს მტერი და მშვიდობიანათ დაბრუნდეს ლაშქრობიდან, სადგომის ადგილას ააგოს ეკლესია წმიდა სამების სახელზე. ვახტანგმა გაიმარჯვა მთიულებზე და თანახმად პირობისა, მალე ეკლესიაც ააშენა. კაწარეთის სამების საეპისკოპოსო კათედრალის დაარსების თარიღი დღემდე არაა დადგენილი. 506 წელს დვინში გამართულ სომეხ-ქართველთა საეკლესიო კრების ოქმებში აღნიშნულია 24 ქართველი ეპისკოპოსის სახელი, მათ შორის მოიხსენიება კაწარელი ეპისკოპოსი ზაქარია.
          ხაშმის სამების ეკლესია - როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მიეკუთვნება V-VI საუკუნეების მიჯნას. ეკლესიას გარს უვლის ქვის გალავანი, შესასვლელი გალავანს შიგნით ჩართული საცხოვრებელი კოშკიდან აქვს. გალავნის შიგნით არის აგრეთვე ეპისკოპოსის სასახლე, სამრეკლო და მარანი. ეკლესია ბაზილიკის ტიპის გეგმით წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. ინტერიერი სვეტების 4 წყვილით 3 ნავად არის გაყოფილი. აფსიდით დასრულებული შუა ნავის ორივე მხარეს, მთელ სიგრძეზე, სვეტებზე ამოყვანილია 5-5 თაღი. საშენ მასალად გამოყენებულია ოდნავ გათლილი ნატეხი და რიყის ქვა, თაღებისათვის - სუფდად გათლილი ქვის კვადრები. აფსიდი და თაღები ნალისებრი ფორმისაა. შიგნით მოხატულია. გარედან შემოსილია მომწვანო-მოვარდისფრო ქვიშაქვის კვადრებით. აღმოსავლეთ ფასადზე, შუა სარკმლის თავზე, დიდი ქვის ჯვარია გამოყვანილი. ეკლესია რამდენჯერმე საფუძვლიანად არის გადაკეთებული.ხაშმის სამება ძალიან გავს თბილისის ანჩისხატის ეკლესიას იმ განსხვავებით, რომ იგი ერთნახევარჯელ დიდია მასზე. სამებაში შემონახულია უნიკალური ფრესკები, რომლებიც 1518 წლით თარიღდება.
          ტაძარს 2007-2008 წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები. ტაძარი არის მოქმედი და ფუნქციონირებს დედათა მონასტერი.