სათხე


galerea



aRwera

        სათხის ეკლესია მდებარეობს საქართველოში, ქვემო ქართლში, ბოლნისის რაიონში, დაბა კაზრეთის სამხრეთით 4 კმ-ში, ტყეში. პირველი ცნობა სათხის ეკლესიის შესახებ მოცემულია ალ. ვახტანგის ძე ჯანბაკურ ორბელიანის ჩანაწერებში (1846წ), რომლებიც ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა 1951 წელს. ეკლესია და მისი წარწერები მოხსენიებული აქვს აგრეთვე ცნობილ ნუმიზმატს ნ. ბართლომეის ქართულ სიძველეებისადმი მიძღვნილ მ. ბროსეს გამოცემაში 1854 წელს. უფრო მნიშვნელოვანია ექვთიმე თაყაიშვილის ცნობები სათხის ეკლესიის შესახებ („სომხით–საორბელოს ძეგლების წარწერები“ თბ. 1951). ავტორი სათხეში 1896 წელს ყოფილა. მაშინ შეუმოწმებია და გადმოუღია წარწერები. მანვე 1900 წელს გადმოიტანა თბილისში სათხის კანკელის ნანგრევები. დასახელება ”სათხე” მიეკუთნება იმ ქართულ ქვემო ქართლში გავრცელებულ ტოპონიმთა ჯგუფს, როგორიცაა მაგალითად: სახუნდარი, კატაეთი და ა.შ. არსებობს ვარაუდი რომ ამ ადგილს ველური თხები აფარებდნენ თავს. რაც შეეხება კომპლექსს ამჟამა შემორჩენილია მთავარი ტაძრის და გალავანის კვალი. სტილისტური მახასიაეთებლით მთავარი ტაძარი (15X6.7მ) X საუკუნით შეიძლება დათარიღდეს. მთავარი ტაძარი დარბაზული ტიპისაა, მას სამხრეთით, ჩრდილოეთით და დასავლელით მინაშენები აქვს. ტაძარსაც და მინაშენებსაც აქვთ კამარული გადახურვა, სახურავიც და კამარებიც ამჟამად ჩაქცეულია. საგულისხმოა ჩრდილოეთის მინაშენი, რომელიც ყველაზე ძველია და მისი ერთერთი კედელი მთავარი ტაძრის კედელს წარმოადგენს. დანარჩენი მინაშენები ტაძრის თანადროულია. 
რაც შეეხება ინტერიერს იგი შელესილი და მოხატული ყოფილა. ამჟამად მხატვრობიდან მხოლოდ ფრაგმენტებია შემორჩენილი. აღსანიშნავია ინტერიერის გაფორმება, რომელიც გარდამავალია სახისაა. ტაძარს ჰქონდა თანადროული კანკელი, იგი ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
      რაც შეეხება ტაძრის ექსტერიერს იგი მოპირკეთებულია ქვიშაქვის კვადრებით. ფასადებზე არის ტაძრის მშენებლობის თანადროული ასომთავრული წარწერები, სადაც ძირითადად ტაძრის მაშენებლები, ხელოსნები და მუშები იხსენიება. სამხრეთის ფასადის აღმოსავლეთ კუთხის ქვაზე არსებულ წარწერაზე მოხსენიებულია ტაძრის მაშენებელი - ”ქრისტე შეიწყალე კვირიკე გალატოზი ამინ”. ტაძრის სარკმელები, ლავგარდანი მხატვრულად არის გაფორმებული. 
       ტაძარი ხელახლა აღუდგენიათ 1662 წელს, ამის შესახებ გვამცნობს ეკვდერის აღმოსავლეთ ფასადზე ჩართული წარწერიანი ქვა, სადაც მოხსენიებულია ვინმე ზურაბაშვილი.
       დღეისათვის ტაძარი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ყოველდღიურად  ზიანდება მხატვრობიდ დარჩენილი ფრაგმენტები, ასევე ტაძრის კედლებიც. სათხის კომპლექსი საჭიროებს გადაუდებელ სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოებს. ტაძრის მონახულების მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ამჟამად ტაძარი კაზრეთის საბადოს ტერიტორიაზეა და შესასვლელად საჭიროა სპეციალური ნებართვა, რომელიც  ადგილზე, უსაფრთხოების სამსახურში შეუძლიათ მიიღონ.
 

 ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის