ფიტარეთი


galerea



aRwera

       ფიტარეთის მონასტერი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ღრმა ხეობაში, ულამაზესი ფოთლოვანი ტყეებით გარემოცულ ადგილას მდებარეობს. ფიტარეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ძეგლია, გამორჩეულია მხატვრული ღირებულებით, აგების ეპოქით.  ეპოქა, რომელშიც აიგო ფიტარეთი ქართულ არქიტექტურაში და კულტურაში აღორძინების პიკს წარმოადგენს. ამ ეპოქის შემდეგ, ისტორიული ძნელბედობის შედეგად, ქართული არქიტექტურა დაღმავლობის გზას დაადგა. ფიტარეთის მონასტერი არის ის ძეგლი, რომელიც გულგრილს არ ტოვებს არავის, იგი ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს ერთხელ მაინც ნანახი.

          ფიტარეთში მისასვლელი გზის რამდენიმე ვარიანტი არსებობს: პირველი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლის დუმანისის გავლით, მეორე ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ტანძიადან არის შესაძლებელი, ამ მხრიდან წასვლის მსურველებმა გაითვალისწინონ, რომ მოუწევთ ავტომანქანით მდინარე ხრამის გადალახვა, სამწუხაროდ ხიდი, რომელიც მდინარეზე არსებობდა დაახლოებით 10 წლის წინ ჩაინგრა და მისი აღდგენისათვის ვერავინ მოიცალა, გზის მესამე ვარიანტი, რომელიც ყველაზე ნაკლებად გამოიყენება, ხრამის ხეობას მოუყვება სამხრეთ-დასავლეთიდან. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ყველა გზა ამ ეტაპისათვის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მათზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებისათვის არის შესაძლებელი.

          ფიტარეთში სამონასტრო ცხოვრების შესახებ მის გარშემო არსებული სხვადასხვა ნაგებობების ნაშთები, ამავე დროს სხვადასხვა ისტორიული წყაროები მიგვითითებენ. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა ღვთისმშობლის სახელზე აგებული ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია. გარს შემოვლებული აქვს ქვის გალავანი, გალავანშივეა ორსართულიანი სამრეკლო, რომელიც ამავე დროს კარიბჭის ფუნქციასასაც ასრულებს. გალავნის შიგნითაც და გარეთაც უამრავი საცხოვრებელი, თუ სამეურნეო ნაგებობის კვალია. რაც შეეხება ტაძრის აგებას, მაშენებლებს, ამის შესახებ სამხრეთის შიდა კარიბჭეზე არსებული ასომთავრული წარწერა გვაუწყებს. ექვთიმე თაყაიშვილს ქარაგმების გახსნის წარწერა ასე წაუკითხავს: ”ქ. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისაითა, შეწევნითა და მეოხებითა ყოვლად წმინდისა ღმრთის მშობლისა და წმინდიდაითა, რომელნი საუკუნეთგან სათნო ეყვნეს ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, ღირს ვიქმენ მომადლობითა ღმრთისათა მე ქავთარ ქაჯიფაჲს ძე ამირეჯიბი თჳითმპყრობელისა, ძლიერის მეფეთ მეფისა გიორგისა, აღშენებად ამის მონასტრისა და საყდრისა დედის ღმრთისა. არა ვისი რთავს თვინიერ ჩემისა ლაშქრისა და ჴრმლითა მოგებულისა. ვიყიდენ ტანძია და თევდორე წმინდანი ჩემთავე ჴრმლითა მონაგებითა საფასითთა, მათთვე ღმრთივ სანატრელთა დიდთა მეფეთა (ჩუენთა) საბედნიეროდ, შევსწირენ მას ყოვლადწმინდასა ღმრთის მშობელსა ფიტარეთსა სამლოცველოდ მეფობისა მათისა, და (ცოდვილისა)ჩემისა, სულისა, მშობელთა და ძმათა, შვილთა და მომავალთა ჩემთათჳის, არავისგან შეიცვალენ, არცაარაჲ ვისსა მართალ აქუს, ვიტყვი მოწმობითა ღმრთისაჲთა. და რამანცა გამოაჴუნეს, ანუ ქცევად იკადროს და ამის მონასტრის დაკლებად, დიდი იყოს, გინა მცირე, კრულ იყოს დაუსაბამისა ღმრთისა პირითა მკუდარი და ცოცხალი. ამინ.”

             თავდაპირველად არსებობდა ვარაუდი, რომ წარწერაში მოხსენიებული მეფე გიორგი ბრწყინვალე უნდა ყოფილიყო, მაგრამ შემდგომში დადგინდა, რომ იგი ლაშა გიორგია(1213-1222 წწ). შესაბამისად ლოგიკურია ტაძრის დათარიღებაც, მე-13 საუკუნის პირველი ნახევრით. წარწერიდანვე ვიგებთ, რომ ტაძარი ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. ამავე დროს იგი აუგია მეფის ამირეჯიბ(თანამდებობაა მეფის კარზე) ქავთარ ქაჯაფაჲსძეს. სიმონ ჯანაშიას მოსაზრებით ზემოხსენებული ქავთარ ამირეჯიბი, ბარათაშვილების შორეულ წინაპარს წარმოადგენს, რომლებიც ბაღუაშ-ორბელიანთა მიწებზე დასახლდენ და გაბატონდნენ. წარწერა კიდევ ერთ ინფორმაციას გვაძლევს, როგორც ჩანს ქავთარს ერთერთ ლაშქრობაში გაუმარჯვია, საიდანაც მოპოვებული ალაფით აუგია ეს ეკლესია, ამავე დროს მონასტრისათვის ტანძია და თევდორე წმინდაც შეუძენია.

          ფიტარეთის შესახებ ისტორიულ წყაროებში ინფორმაცია ძალიან მწირია. წყაროებიდან ვიგებთ, რომ 1696 წელს ეკლესიის ჩრდილოეთის მხარეს, წინამძღვარ იობს აუგია მარანი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ მონასტერს საკმაოდ ძლიერი მეურნეობა ჰქონია. ამჟამად მარანი თითქმის მთლიანად დანგრეულია. ამავე წყაროდან ვიგებთ რომ უმეფობის პერიოდში ლეკიანობა იმდენად მოძლიერებულა, რომ წინამძღვარი იობი თბილისში გადმოსულა.

ტაძარში საკურთხევლის წინ არსებულ საფლავის ქვაზე არსებული წარწერიდან ვიგებთ, რომ  XVII საუკუნეში ტაძარი შეუკეთებია ყაფლან ორბელიანს.

არსებობის მანძილზე ფიტარეთს ტაძარი უამრავჯერ იქნა აოხრებული და დარბეული.

          ტაძარს თითქმის კვადრატის ფორმა აქვს. შესასვლელი სამხრეთის მხრიდან აქვს. საკმაოდ მოცულობითია აღმოსავლეთის საკურთხეველი, რომელიც სამ ნაწილადაა გაყოფილი, ჩრდილოეთით სამკვეთლო აქვს, ხოლო სამხრეთით სადიაკვნე. საკურთხევლის გვერდითი ნაწილები ორსართულიანია. ტაძრის ჯვრის ფორმის მოხაზულობა, რომელიც მის ინტერიერში იქმნება საკურთხევლის აფსიდის კარგად სწორკუთხა მოხაზულობისაა. მათი გადამხურავი კამარები შეისრული ფორმისაა. ტაძარი სხვადასხვა ადგილზე განლაგებული სარკმელებით ნათდება. ამათგან უმთავრესია გუმბათის ყელში არსებული 12 სარკმელი. სამსამი სარკმელია განთავსებული აღმოსავლეთისა და გვერდითა ნავებში. ტაძრის ინტერიერი საკმაოდ კარგადაა განათებული. ეს დამკვიდრდა X-XI საუკუნეებში, მას შემდეგ რაც ბიზანტიაში დამარცხდა ხატმებრძოლობა და ეკლესიის ინტერიერის მოხატვამ სავალდებულო ხასიათი მიიღო. სწორედ აღნიშნული პერიოდის შემდეგ გახდა ეკლესიები უფრო ნათელი. ტაძრის ინტერიერის  განხილვისას მნიშვნელოვანია შევეხოთ მის გუმბათს. გუმბათის ყელი ზემოდანაც და ქვემოდანაც სარტყელებით არის შემოფარგლული. აღნიშნული ადრინდელ ტაძრებში არ გვხდება, ხოლო შემდგომ წუღრუღაშენის ეკლესიაშია. ფიტარეთის ტაძრის ინტერიერი მთლიანად შელესილია და მოხატულია.

      ფიტარეთის ეკლესია ზომებით ბეთანიაზე და ქვათახევის ეკლესიებზე პატარაა. აქცენტი გადატანილია მის მხატვრულ გაფორმებაზე და არა მასშტაბებზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ჩუქურთმა და მხატვრული დეტალი ტაძარზე კარგად არის გამოკვეთილი.

         რაც შეეხება ფასადების მხატვრულ გაფორმებას, ყველაზე მეტად სამხრეთისა და აღმოსავლეთის ფასადებია გაფორმებული. იქიდან გამომდინარე რომ გალავანში შესასვლელი სამხრეთიდან აქვს, ტაძრის ავტორს პირველადი ეფექტის მოხდენის მიზნით სამხრეთ ფასადი უფრო დაუტვირთავს. თუმცა ტრადიცისაათვის არ უღალატია და აღმოსავლეთის ფასადის საკმაოდ ძვირდფასად არის გაფორმებული. აღმოსავლეთის ფასადზე განედლებული ჯვრის გამოსახულებააა. საინტერესოდ არის გაფორმებული სარკმელები ჩარჩოები. უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ორმნამენტი არ მეორდება. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, როგორც ტაძრის ისე კარიბჭის ლავგარდანი, რომლის ორნამენტიც ყველა კუთხეში იცვლება და არ მეორდება. ფასადებიდან შედარებით სადაა დასავლეთის ფასადი, რომელი კარების არ ქონის გამო ერთგვარად მოშიშვლებულია. გაფორმება მხოლოდ ზედა მხარეს არის. საუცხოოდ არის გაფორმებული გუმბათი, მისი თორმეტივე სარკმელი.

         გალავანში შესასვლელი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ სამრეკლო-კოშკიდანაა. იგი ორსართულიანია, აღდგენილია რამდენიმე წლის წინ.

ეს არის მოკლედ მხატვრული აღწერილობა ფიტარეთის შესანიშნავი ტაძრისა. მის მხატვრულ ღირებულებებზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი. 

 

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის