გრემი


galerea



aRwera

           შუა საუკუნეების კახეთის ქალაქებიდან გამოირჩეოდა თელავი და გრემი. თელავი ორჯერ იყო კახეთის დედაქალაქი, გრემი კი – ერთხელ. XV-საუკუნეში კახეთი უკვე საკმაოდ მოძლიერდა და მტრის თარეშმაც შედარებით იკლო. სამეფო-სამთავროებად დაშლილ საქართველოს ამ მხარეს თავისი მეფეები ჰყავდა. ყველა ეს პირობა კი აუცილებლად წარმოშობდა სამეფო ქალაქს, ასეთი ქალაქი გახდა გრემი. 
        გრემი მდებარეობს კახეთში, ყვარლის რაიონში. ქალაქისათვის შეურჩევიათ მდინარე ინწობას მარჯვენა ნაპირი, რთული რელიეფი გამოყენებულია ზომიერად: გორაზე დგას ტაძარი, იქვე ახლოს ყოფილა სასახლეც, ხოლო ქალაქი დასავლეთით დაბლობზე მდებარეობდა. მას ეკავა რამდენიმე ათეული ჰექტარი, რომელიც შემოზღუდული ყოფილა გალავნით. ქალაქის შიდა ტერიტორია დაყოფილი იყო მონაკვეთებად, ცენტრალური ნაწილი სავაჭრო ქულბაქებს ეკავა. ქალაქში ყოფილა საზოგადო დანიშნულების აბანოც. იგი მდგარა მის სამხრეთ-დასავლეთ მონაკვეთში და შედგებოდა როგორც ცივი, ისე ცხელი აბანოებისაგან. ქვედა სართულში მოთავსებული ყოფილა გათბობის სისტემა, ზემოთ გასახდელი, სააბაზანოები და სხვა. გარდა ამ საერთო აბანოსი ქალაქში იყო სამეფო აბანოც. ქალაქი მომარაგებული ყოფილა სასმელი წყლით. ნაქალაქარში აღმოჩენილია კერამიკული მილის წყალსადენები.
         გრემის ისტორიიდან მცირე ცნობებია შემონახული. მეტად დიდი ტრაგედიის მოწმე იყო გრემი XVII-საუკუნის დასაწყისში. ამ დროს კახეთში მეფობდა ალექსანდრე II, რომლის შვილი კონსტანტინე შაჰ-აბასის კარზე იზრდებოდა. გამაჰმადიანებული კონსტანტინე შაჰმა ჯარით კახეთში გაგზავნა და თან ფარული დავალება მისცა: მოეკლა მამა და თვითონ გამეფებულიყო. ამ განზრახვით მოსულმა კონსტანტინემ გაუგონარი ბოროტება ჩაიდინა: სიცოცხლეს გამოასალმა მოხუცი მამა, ძმა და რუსთავის ეპისკოპოსი. შემდეგ თავის რძალს შეუთვალა, მაჰმადიანური წესის თანახმად ცოლად გაჰყოლოდა მას. შეძრწუნებულმა ქეთევანმა შეჰყარა კახელები და მამის მკვლელის წინააღმდეგ აამხედრა. კახელებმა სძლიეს ყიზილბაშებს და გრემს იზეიმეს გაარჯვება.
         1616 წელს შაჰ-აბასმა დალაშქრა და ააოხრა კახეთი, მათ შორის გრემიც, მას შემდეგ გრემი ფეხზე ვეღარ წამოდგა. მომდევნო ხანებში კი კახეთის დედაქალაქად თელავი იქცა და გრემში ცხოვრება ნელ-ნელა შეწყდა.
ამჟამად გრემისაგან კარგად არის შემონახული მცირე გალავანი და ტაძარიღაა შემორჩენილი, რომელიც XV-XVI-საუკუნეებისაა და მთავარანგელოზის სახელობის. აღსანიშნავია ტაძრის მოხატულობა, აქედან ტაძრის მოხატვის წელს 1577 და არქიტექტორის ლევან მეფის ვინაობას ვიგებთ. თვით ლევანის ფრესკა მდებარეობს ტაძრის დასავლეთ კედელზე, იგი ტაძრის მოდელით ხელში არის გამოსახული. 
        XX-საუკუნის 80-იან წლებში აქ მუზეუმი გაიხსნა. 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გრემში აღსდგა ღვთისმსახურება. XX-საუკუნის 90-იან წლებში ტაძარში ძეგლთა დაცვის დეპარტამენტმა ჩაატარა რესტავრაცია: ტაძარი გადაიხურა და გამაგრდა. 1999 წლის 12 დეკემბერს, აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს, განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ამ პერიოდში აიგო კელიები ბერებისათვის...

       2011 წლის ზაფხულში გრემის ციხე-ქალაქს ჩაუტარდა სრული რესტავრაცია, ჩატარდა არქეულოგიური გათხრები, შესწავლილი იქნა გრემის ნაქალაქარის უბნები, ასევე ჩაუტარდა რესტავრაცია მცირე ტაძრებსაც, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილი. ჩასულ მნახველს შეექმნება შთაბეჭდილება ძველი გრემის სიდიადისა და სიძლიერის შესახებ.

 

ინფორმაცია მოამზადა ანზორ მჭედლიშვილმა

ფოტოები  - ანზორ მჭედლიშვილის და ლელა მარგიანის